ამერიკული კონტინენტი მთლიანად გათავისუფლდა წითელასგან
ამჟამად ამერიკული კონტინენტი იმ რეგიონს წსრმოადგენს, რომელიც მწვავე ინფექციური დაავადებისგან – წითელისგან საერთოდ გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ჯანდცვის პანამერიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კარისა ეტიენმა.
“დღეს ამერიკულ კონტინენტზე დავემშვიდობეთ წითელის ენდემურად გადაცემას და ვზეიმობთ ისტორიულ დღეს, რომელმაც ამ უბედურებას გადაგვარჩინა. ვირუსული დაავადებისგან მოსახლეობის ვაქცინაციამ გვიხსნა. მიზანმიმართული ზომების მიღებისა და გაძლიერებული ეპიდემიოლოგიური კონტროლის შედეგად წითელათი დაავადების ბოლო შემთხვევა ბრაზილიაში 2015 დაფიქსირდა “, – აცხადებს ეტიენი.
წითელა ამერიკულ კონტინენტზე ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი იყო. იგი ყვავილის (1971 წელს), პოლიომიელიტისა (1994) და წითურის (2015) შემდეგ გახდა მეოთხე საშიში დაავადება, რომელიც ვაქცინაციის შედეგად ორივე ამერიკულ კონტინენტზე აღმოიფხვრა.
შეგახსენებთ, რომ წითელა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადვილად გადამდებია. ის ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით, ცხელებით, გამონაყარით კანზე, სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით. წითელას გამომწვევია ვირუსი (მიქსოვირუსების ჯგუფიდან), რომელიც გარემოში არამდგრადია და ადამიანის ორგანიზმის გარეშე მალე იღუპება. დაავადება გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინფექციის წყაროს წარმოადგენს წითელათი დაავადებული ბავშვი, კატარალურ პერიოდში და კანზე გამოყრის 1-3 დღეს. ცემინებისა და ხველების დროს ვირუსის შემცველი ლორწოს უმცირესი წვეთები ჰაერის ჭავლით ადვილად ხვდება ოთახიდან ოთახში, სართულიდან სართულზე, რის გამოც ოჯახში ან სასწავლებელში წითელათი დაავადების შემთხვევაში კონტაქტურად ითვლება შენობაში მყოფი ყველა ბავშვი.