ამერიკულმა სკოლამ სიტყვა nigger-ის გამო “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” აკრძალა

ფილადელფიის ერთ-ერთმა სკოლამ ამერიკული კლასიკური ლიტერატურის შედევრი, მარკ ტვენის რომანი – “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” მე-11 კლასი პროგრამიდან ამოიღო, – გვაცნობებს The Guardian.

მიზეზად არაპოლიტკორექტული სიტყვა nigger-ი დასახელდა, რომელიც ნაწარმოებში 200-ჯერ მეორდება.

“ის ნეგატიური გავლენა, რომელიც წიგნის წაკითხვისას საზოგადოებაზე მოახდენს, რომანის ლიტერატურულ ღირსებას გადაწონის”, – განმარტეს სკოლის ხელმძღვანელებმა.

“მეამაყება, რომ ჩვენმა გაერთიანებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა სასწავლო დაწესებულების დირექტორმა არტ ჰოლმა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს “ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის” ექსპერიმენტული გამოცემა დაიბეჭდა, სადაც სიტყვა “ნიგერი” “მონით” შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” ”ტომ სოიერის თავგადასავლის” გაგრძელებაა და პირველად 1884 წელს გამოიცა. 1885 წელს, მასაჩუსეტსის ქალაქ კონკორდში, წიგნი “ჯურღმულისთვის შესაფერის ნაგვად” აღიარეს და საერთოდ აკრძალეს. თუმცა ცნობილია, რომ თავად მარკ ტვენი რასიზმისა და მონობის წინააღმდეგი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button