ამირან გამყრელიძე აჭარას მოუწოდებს პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ.
აღნიშნულის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მივმართავ აჭარის მოსახლეობას, რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდირებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდირებულია დღეს, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით 7-8 -ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, სწრაფ იზოლაციას დაექვემდებარება.
„ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. ამაზე გამახვილდა დღეს ყურადღება საკოორდინაციო საბჭოზე, ერთ-ერთი მთავარი ახალი მიდგომა რაც გვექნება იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარება სწაფ იზოლაციას. თუ არის სახლში თვითიზოლაციის საშუალება, რჩება ბინაზე, თუ არა და კარანტინში გადაყვანას გულისხმობს 14 დღის განმავლობაში. 14 დღე ყოფნა კარანტინში ან იზოლაციაში, ყოვლეგარი კვლევის გარეშე, ამაზე ახალი პროტოკოლი შემუშავდება. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 სწორედ აჭარაში დადასტურდა.
„აჭარაში გახლავთ 297 ახალი შემთხვევა, თბილისში – 78 პაციენტია, იმერეთში – 52 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტია, ქვემო ქართლში გახლავთ 2 პაციენტი, კახეთში – 3, მცხეთა-მთაიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთში-1“, – განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, აქედან 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.