მნიშვნელოვანისიახლეები

ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოების მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

ამნისტიის კანონპროექტის გაფართოების მოთხოვნით, საქართველოს რამდენიმე ციხეში არაერთმა პატიმარმა დაიწყო შიმშილობა – ამ ინფორმაციას ავრცელებენ ტელეკომპანიები „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.

მათი ცნობით, პატიმართა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო ქსნის, რუსთავისა და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში. „TV პირველთან“ სატელეფონო საუბარში ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულ ამნისტიის კანონპროექტს საყოველთაო სახე ჰქონდეს და ყველა მსჯავრდადებულს შეეხოს.
ამათან ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები მე-4 დღეა შიმშილობენ, ისინი ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოებას ითხოვენ.
ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ამნისტიის უფრო მეტ მუხლზე გავრცელების მიზნით მიმართეს. ახლობლების ინფორმაციით, პატიმრები მეოთხე დღეა, შიმშილობენ.

მედიასთან კონტაქტზე გამოვიდა რუსთავის ნომერ მეხუთე დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ქალი, რომელიც ამბობს, რომ ამ პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს.

როგორც ადვოკატები საინფორმაციოსთან ამბობენ, ამ დროისთვის დაახლოებით 20 პატიმარი შიმშილობს. უფლებადამცველების განცხადებით, კანონპროექტი რეალურად, “ჰუმანურობისგან ძალიან შორსაა”.

“სახელმწოფო როცა ამას ეძახის ჰუმანურ აქტს, მართლაც უნდა გამოიხატოს ეს ჰუმანურობა აქტში, მაგრამ ამ ეტაპზე ჰუმანურობისგან ძალიან შორსაა”, – ამბობს ადვოკატი დალი სალუქვაძე.

კიდევ ერთი ადვოკატი ნათია ჩხეტიანი აღნიშნავს, რომ პროტესტის მასშტაბის გაზრდაა მოსალოდნელი.

“ეს ეხება მსუბუქ მუხლებს, პირველ ნაწილებს, ნასამართლეობის არმქონე პირებს და ასეთ პირებს, როგორც წესი, არც სასამართლო და არც პროკურატურა ციხეში არ უშვებს და პირობითი მსჯავრის ქვეშ არიან, ან ალტერნატიული სასჯელები, ჯარიმა და ა.შ.

რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, იმიტომ, რომ ამ ამნისტიას 12 წელია ელოდებიან. მათი მოლოდინი ახლაც გაუფასურდა და არავითარი შედეგის მომტანი არ არის. ამაზე ძალიან დიდი პროტესტი აქვთ არა მარტო პატიმრებს, არამედ მათ ოჯახებს და ვფიქრობთ, რომ ეს საპროტესტო ტალღა ძალიან გაიზრდება”, – აცხადებს ადვოკატი.

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი ინიცირებულია-სააკაშვილს ამინისტია არ შეეხება

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”.

„ერთბაშად პენიტენციური სისტემიდან პატიმრების დიდი ნაწილის გამოსვლა ალბათ შეუქმნის პრობლემას მართლწესრიგს“, – უთხრა პარლამენტში ჟურნალისტებს მმართველი პარტიის დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

მედია დაუკავშირდა პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურს, რომელმაც ზემდგომ უწყებაში – იუსტიციის სამინისტროში – გადაგვამისამართა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ფეისბუკში დეზინფორმაცია უწოდა მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. „მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

11 ივლისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის პროექტის“ შესახებ.

ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდადებულები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან შეუმცირდებათ 1/2-ით ან 1/4-ით. სასჯელის 1/6-ით შემცირება კი შეეხება სსკ-ის 225 მუხლს.

საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის 291 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს შეეხება.

პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:

პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
სასჯელის ½-ით შემცირება;
სასჯელის 1/4-ით შემცირება;
სასჯელის 1/6-ით შემცირება;
და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონპროექტის მიღებას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სექტემბერში, გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button