ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ-ცესკომ გადაწყვეტილება მიიღო

ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ.
ოპოზიციის მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტზე ცესკომ გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
კენჭისყრამდე დადგენილების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმაც ისაუბრა.
„მე ვუერთდები კოლეგების მოწოდებებს იმის თაობაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს ერთსულოვნება და ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში, რომლებიც კანონის შესაბამისად გაივლიან სათანადო პროცედურებს ან უკვე გაიარეს- საუბარია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაზე, საუბარია საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბნებზე თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში რეგისტრაციის გავლაზე, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მისცემს ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილ ასობით ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.
ბრძოლამ შედეგი გამოიღო, 800-ზე მეტი ემიგრანტის ხმა მოვიპოვეთ-კორძაია
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიესალმება ცესკო-ს მიერ ოპოზიციური პარტიების ჩართულობით მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
„გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილები არ დარჩენილიყვნენ ხმის უფლების გარეშე.
დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოპოზიციურ პარტიების ჩართულობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია არ დარჩეს საქართველოს არც ერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ახალმა დადგენილებამ ეს შესაძლებლობა ჩვენს დევნილ მოქალაქეებსაც მისცა“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.