,,ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა,,-ხვალ საპროტესტო აქციას უერთდება არასამთავრობო სექტორი
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს

15 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საპროტესტო მარში სახელწოდებით: „ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საერთო ბრიფინგზე განაცხადეს.
მარშის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გააპროტესტონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც, მათი თქმით, „რუსული სცენარით ხორციელდება და ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, თბილისში, მარში დაიწყება ევროპის მოედნიდან და გაგრძელდება თავისუფლების მოედნისკენ.
„მიზანია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ იმ დიქტატორულ რეჟიმს არ ვურიგდებით, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს. ჩვენ არ ვურიგდებით იმ დაკავებებს, რომელსაც აქვს ადგილი ბოლო თვეების განმავლობაში. ჩვენ არ ვურიგდებით წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ჩვენ არ ვურიგდებით იმ დრაკონულ კანონებს, რომლებსაც ისინი იღებენ. ჩვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვიქნებით იქ, ევროპის მოედანზე და ყველასთან ერთად კიდევ ერთხელ ვეტყვით მმართველ პარტიას, რომ ჩვენ მათ ქმედებებს არ ვურიგდებით. ჩვენ არ გვეშინია და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა გიგაურმა.
ხვალ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს, ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა, შეურიგებლობა დიქტატორული კანონების მიმართ, – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ 15 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით მიიღო ანტიკონსტიტუციური ცვლილებები.
„მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით მიიღო ანტიკონსტიტუციური ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. რეალურად, ამ ცვლილებებით შეიძლება ითქვას, რომ შეკრების და გამოხატვის უფლებების მნიშვნელოვანი ასპექტები აიკრძალა. თუმცა, ეს ჩვენ ვერ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ყველა ამ ქმედების მიზეზი არის ტერორი, საზოგადოება შეშინდეს და არ ჰქონდეთ სურვილი ისარგებლონ კონსტიტუციური და საერთაშორისოდ აღიარებული უფლებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთსულოვნება, სოლიდარობა, ერთობა.
ხვალ ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს, ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა, სოლიდარობა, შეურიგებლობა დიქტატორული კანონების მიმართ“,- აღნიშნა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების მე-80 დღეს აქცია იგეგმება. აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.
რუსული დიქტატურის წინააღმდეგ დაანონსებულ აქციას უერთდებიან ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები.
ხვალ არის დიდი შეკრება. ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ – სხვა გზა არ არსებობს! – ეს განცხადება პოეტმა პაატა შამუგიამ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, კერძოდ, მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და რედაქტორები თბილისში დაგეგმილ აქციას 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედნიდან შეუერთდებიან.
„ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, არ დარჩა ქვეყანაში ერთი წესიერი ადამიანიც კი, რომელიც ან დაჯარიმებული ან დაჭერილი ან ნაბეგვი ან ნაწამები არ იყოს ან გაშავებული არ იყოს სამთავრობო ტელევიზიების მიერ. ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი. რაც მთავარია, ოფიციალურად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუქმებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იმიტომ, რომ როდესაც რუსთაველის პროსპექტზე ნებისმიერი გავლისას 5 000 ლარით ჯარიმდება ადამიანი, პრაქტიკულად, აუტანელ პირობას უქმნი ადამიანებს და აუქმებ შეკრების თავისუფლებას. დიქტატურა ამაზე მეტი სხვა არაფერია. ბუნებრივია, ამაზე უარესი რაღაცები იყო ქვეყანაში ნაწამები და დასახიჩრებული ადამიანების ჩათვლით. ამიტომაც, ხვალ არის დიდი შეკრება, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ – სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა. არ უნდა გავჩერდეთ. თუკი ჩვენ გავჩერდებით, გაჩერდება ქვეყანა. ერთადერთი გამოსავალია, არ გავჩერდეთ, ვიაროთ. ეს მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყება და შემდეგ, ბუნებრივია, რუსთაველის პროსპექტზე დაგვირგვინდება“, – განაცხადა პაატა შამუგიამ.
ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ.
„შეუძლებელია ახლა „პენ-ცენტრი“ იყოს ჩუმად, როდესაც ჩვენი კოლეგები არიან სატუსაღოში. ასეთი ბევრია, მაგრამ პირველ რიგში მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ვართ შეკრებილი აქ, ასევე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა, ავგან სადიგოვი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და თავისუფლება. ამ ორი ადამიანის სახელით გვინდა, რომ ყველა იმ ადამიანს გამოვუცხადოთ სოლიდარობა, რომლებსაც თავისუფლება პროფესიის გამო შეუზღუდეს. „პენ-ცენტრი“ უბრალოდ ვერ გაამართლებდა საკუთარ არსებობას, თუ ამ მომენტში ჟურნალისტებს არ დავუჭერდით მხარს და არ დავდგებოდით მათ გვერდით. სამწუხაროდ, შეგვიძლია ბრძოლა სიტყვით. აქ სიტყვით და კალმით მებრძოლი ხალხია შეკრებილი და შესაბამისად, მუშტი-კრივი ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ყველანაირი გზით, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ პროტესტს. ეს არის უკიდურესი მომენტი. მე, როგორც მთარგმნელი, ასევე განვიცდი მდგომარეობის სიმძიმეს“, – განაცხადა ხათუნა ცხადაძემ.
დროა, ჩვენი, ხალხის ძალა ვაჩვენოთ რეჟიმს, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა, ერთსულოვნება, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ახალ ეტაპზე გადასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხვალ. 18:00 საათზე ევროპის მოედნიდან გაიმართება საპროტესტო მარში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით ამ მარშს სახელწოდებით – არა რუსულ დიქტატურას. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება. რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიკრიბებით და გამოვხატავთ ჩვენს სურვილს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, წავიდეთ ევროპისკენ, ახალი არჩევნები დაინიშნოს, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ყველას მოგიწოდებთ, ხვალ, 18:00 საათზე მობრძანდეთ ევროპის მოედანზე, შევუერთდეთ ამ მნიშვნელოვან აქციას, რომელიც გადამწყვეტია შემდგომი პერიოდისთვის. ფართომასშტაბიანი აქციები შემდგომშიც არის დაგეგმილი. ახლა იმის დროა, როდესაც ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, უნდა ვაჩვენოთ ხალხის ძალა, ერთიანობა, ერთსულოვნება, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი. ვაჩვენოთ ის, რომ მათი დეზინფორმაცია, ცრუ პროპაგანდა ჩვენზე არ მუშაობს, ჩვენ ვართ ერთიანები და ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით წამოსული პატიმრების მხარდამჭერი მარში შეუერთდა.
მოქალაქეები უკვე 79-ე დღეა პროტესტის ნიშნად უწყვეტად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.