ანაგისა და ვაქირის მიმდებარედ მიწა იჭრება_ემუქრება თუ არა მეწყრული პროცესები ან წყალდიდობა სიღნაღის სოფლებს

ემუქრება თუ არა მეწყრული პროცესები ან წყალდიდობა სიღნაღის სოფლებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების, ანაგისა და ვაქირის მიმდებარედ, რამდენიმე ჰექტარზე მიწა იჭრება.
ინფორმაცია სოფლების მიმდებარედ მიწის მოჭრის თაობაზე, ადგილობრივებმა გაავრცელეს.
რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ სოფლების მიმდებარედ მოჭრილ მიწას, ბაკურციხე- წნორის შემოვლითი გზის მშენებლობაზე იყენებენ, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ნონა ნინიაშვილი ფიქრობს, რომ სოფლები ანაგა და ვაქირი, შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ.
” უკვე რამდენიმე ჰექტარზეა მიწა გამოღებული. ეს სოფლები არის ფერდობზე შეფენილი და ფაქტიურად, ძირს უღებენ. აქ ადრე იყო ვენახები, ანუ მიწის ფენები, ნაყოფიერია. არის ასევე, ბუნებრივად წარმოშობილი ანაგის ხევი, რომლის კალაპოტიც ავტომატურად ფართოვდება. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვშიშობ, რომ შესაძლებელია მეწყრული პროცესები დაიძრას, ან სხვაგვარი სახის კატასტროფა მოხდეს. მივმართე გარემოს დაცვის სამინისტროს, მოვიდა სპეციალისტი, შეადგინა დოკუმენტაცია. საბოლოოდ შემატყიბინეს, რომ წერილობით უნდა მივმართო და საკითხს შეისწავლიან”- ამბობს ნინიაშვილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ სოფლების მიმდებარედ მიწის მოჭრასთან, გზის პროექტს საერთო არაფერი აქვს.
” შემოვლით გზასთან ამ ადგილებში მიწის მოჭრა, კავშირში არ არის. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია თავად უზრუნველყოფს შესყიდვას კერძო პირისგან და იმ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ლიცენზია. როცა პროექტი დამტკიცდა, მაშინ გაიცა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, მაგრამ ამ ტერიტორიებთან არც ეს გზაა კავშირში და არც მიწის ჭრა ამ პროექტთან”- განაცხადეს სამინისტროში.
თითქმის ანალოგიური განმარტება გაკეთდა რადიო ჰერეთისათვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სადაც განაცხადეს, რომ შესაბამისი ლიცენზია კერძო პირზე უნდა იყოს გაცემული, რომელიც მიწას მშენებელ კომპანიაზე ყიდის.
კონკრეტულად, რა სახის ან ვისზეა გაცემული ლიცენზია, როდის შეეცვლა ნიადაგს კატეგორია, არსებობს თუ არა კონკრეტულად ამ ტერიტორიების რეკულტივაციის გეგმა, ამ კითხვებზე პასუხს რადიო ჰერეთი ეკონომიკის სამინისტროსგან, ამ დრომდე ელოდება.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის პროექტი 16.6 კილომეტრი სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 87.8 მილიონი ლარია და ის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
ახალი გზა მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს, ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარსა და საქობოს აუვლის გვერდს და. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.
წნორის შემოვლით გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „China Road and Bridge Corporation“ აშენებს.
გზის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.