ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს-ხიდაშელის თქმით ჩინური კომპანია მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის მიერაა სანქცირებული
ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა, წარადგინა. დეტალებზე მან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს კომპანია უკვე ჩაითვალოს კონკურსში გამარჯვებულად, დავითაშვილმა უპასუხა, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად არის შევსებული, „დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში შეგვიძლია გამოვაცხადოთ გამარჯვებული“.
„წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა. ეს არის კომპანია CCC [China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore)], რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი: CRBC [China Road and Bridge Corporation-ი] და Qingdao Port International Co. Ltd. უახლოეს ხანებში გვექნება კომისიის მიერ წინადადებების შეფასება და უახლოეს რამდენიმე დღეში გამოვავლენთ გამარჯვებულს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პირველი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის თანახმად, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება. 2023 წლის სექტემბერში, ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გამოაცხადა, რომ პორტის 49%-იანი წილის ფლობის სურვილი ოთხმა კომპანიამ გამოთქვა, მათგან ორი კონსორციუმი კი ფინალურ ეტაპზე გადავიდა:
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი,
შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კონსორციუმი.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა დღეს, 29 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათგან წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.
გასული წლის ოქტომბერში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა, ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელზეც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განიხილებოდა, ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც მიითვისებენ ან მოისყიდიან ქვეყნებს, რომლებშიც ოპერირებენ და ეს მოიცავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც, როგორიცაა ანაკლიაში. როგორც ვიცი, ამ ტენდერში არის ორი ფინალისტი. პროექტის დასრულებას წლები დასჭირდება. არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და ასევე დასავლური კონსორციუმი”. ო’ბრაიენის თქმით, გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ “ანაკლიის” პორტი იმართებოდეს ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც მუშაობს კანონის ფარგლებში.”
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს სხვადასხვა დროს, მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის მიერაა სანქცირებული:
“კომპანია რომელიც დღეს ანაკლიის გამარჯვებულად, თავისი ქვეკონტრაქტორებით, გამოგვიცხადა ბატონმა დავითაშვილმა:
— 2009-2017 წლებში შავ სიაში ყავდა მსოლფიო ბანკს;
— 2020 წლიდან დასანქცირებული ყავს ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტს” წერს თინა ხიდაშელი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია, კომპანიის – China Communications Construction Company Limited სანქციებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში მედიას განუცხადეს, კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.
„ გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში”, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.
მარტში პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ პორტთან დაკავშირებით “კონკრეტული სამუშაოების” ივნისიდან დაიწყებოდა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.
ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.
3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა და გამარჯვებულად, უახლოეს დღეებში სწორედ ის გამოცხადდება.