საქართველოსიახლეები

“3 პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სიას 3 პაციენტი შეემატა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ.

„ჩვენი გამოსაჯანმრთელებელი პაციენტების სიას დაემატა 3 პაციენტი და ჯამში გვყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. სახლში გაეწერებიან დღეს, პასუხი უკვე მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები PCR-ის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ კლინიკას“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულთაგან სამის წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება, ხოლო ერთის სომხეთიდან ჩამოსულ პირს. მისი განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

“ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის, მათი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევების შედეგებით შესაძლებელი იქნება შეფასდეს საბოლოოდ, როგორი იქნება მათი ზოგადი მდგომარეობა. 4 პაციენტის გარდა, ყველა პასუხი ნეგატიური იყო“,- აცხადებს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 41 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მათგან 5-ის ტესტირება და პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.

ცნობისთვის, სპეციალურად შექმნილ საიტზე, StopCov.ge არსებული ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button