მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ანას ბაღთან” მშენებლობა გაგრძელდება

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და კომპანიას დავის დასრულებამდე “ანას ბაღთან” მშენებლობის გაგრძელების ნება დართო. ამის შესახებ განცხადებას ფეისბუკზე ავრცელებენ აქტივისტები, რომლებიც ბაღთან მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა შეუჩერა.

აქტივისტები და „ანას ბაღის“ მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მიუხედავად სააპელაციოს ამ გადაწყვეტილებისა, მშენებლობის გაგრძელებას არ დაუშვებენ.

„ჩვენმა სამწლიანმა ბრძოლამ შეგვაჯახა სისტემურ დანაშაულებს, როგორიცაა კორუფცია ადგილობრივ თვითმართველობაში, მერიასა და საკრებულოში, გავლენიან მფარველებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მათ შორის, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში.

ახლა კი აშკარაა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლა არ მიმდინარეობს მხოლოდ ერთი სკვერის გადასარჩენად, ეს არის ბრძოლა მახინჯი სისტემის დასანგრევად, “- წერია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც „ანას ბაღი“ და მასთან მიმდინარე მშენებლობა ყურადღების ცენტრშია. აქ ბოლო პერიოდში ხშირი იყო საპროტესტო აქციები, დაკავებები და მოქალაქეთა მიერ ე.წ. პარტიზანული სკვერების გაშენების მცდელობებიც კი.

საქმე ეხება პატარა სკვერს, სახელად„ანას ბაღი“, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი ხელით ააშენა.

ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი, სხვა აქტივისტებთან ერთად, უკვე დიდი ხანია, მათ მეზობლად არსებული „ანას ბაღის“ გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე დაწესებული იყო მორიგეობა, რათა მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდბულიყო.

„ანას ბაღი“ ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის მდებარეობს. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი, ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა. მერია და კომპანია ირწმუნებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით, სკვერს საფრთხე არ შეექმნება.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი „ბეტონის მარწუხებში“ მოექცევა და განადგურდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button