საქართველოსიახლეები

“მადლობა უფალს, მრევლთან ერთად წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა”

“ზიარების უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი, აღივსებიან მადლით”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

პატრიარქი ეპისტოლეში წმინდა ზიარების მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ის „ზეციური საკვებია“.

“ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო თვით მაცხოვარმა დაგვიდგინა ვნების ხუთშაბათს. წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად. მისი უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს“, – ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

“უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია”, – ამბობს ეპისტოლეში პატრიარქი.

პატრიარქი აღდგომის ღამეს, მრევლთან ერთად წირვა-ლოცვის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და კმაყოფილებას გამოთქვამს.

“მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით, პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია”, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.

მსგავსი პოსტები

Back to top button