“ანტიდასავლური გზავნილები გაორმაგდა”
ქართულ მედიაში ანტიდასავლური ტრენდი მატულობს და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გაორმაგებულია. ამის შესახებ, მედიის განვითარების ფონდის (MDF) ანგარიშშია საუბარი.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული, ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეხუთე ყოველწლიური ანგარიში 2019 წლის მედია მონიტორინგის და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს ასახავს და 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად არის გაზრდილი ანტიამერიკული და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საწინააღმდეგო გზავნილები, რაც უსაფრთხოების საკითხებზე, ამერიკის მხრიდან საქართველოს უპირობო მხარდაჭერას, მათ შორის, ალიანსში ინტეგრირების მხრივ, თანმიმდევრულ მხარდაჭერას უკავშირდება. ანგარიშის მიხედვით, „ნატოს წინააღმდეგ გზავნილების ზრდა პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ ნეიტრალიტეტის შესახებ გააქტიურებულ კამპანიასაც უკავშირდება.“
კვლევა, ამერიკასთან მიმართებით, ორ ახალ აქტუალურ გზავნილს გამოჰყოფს:
“მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ ანაკლიის პროექტი ეკონომიკური ხასიათის არ არის და მას ამერიკისთვის სამხედრო-მილიტარისტული დანიშნულება აქვს.
“საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეუწონლობაზე შეფასებები საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს უკავშირდებოდა, რომელმაც ასეთი შესაძლებლობა რუსეთის პროვოცირებად შეაფასა, რამაც პრორუსულად განწყობილი აქტორებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა.”
არასამთავრობო ორგანიზაცია, ანგარიშში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებეზე საუბრობს: „საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეუწონლობაზე შეფასებები შედარებით მცირე იყო და საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს უკავშირდებოდა, რომელმაც ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ასეთი შესაძლებლობა რუსეთის პროვოცირებად შეაფასა, რამაც პრორუსულად განწყობილი აქტორებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა.“ – ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის ყოველწლიურ ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, წინა წლების მსგავსად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო მედია იყო, რომელსაც პარტიები და პოლიტიკოსები მოსდევენ. პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული ანტიდასავლური კომენტარები, 2018 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია, რაც ძირითადად „პატრიოტთა ალიანსის“ ნატოს და აშშ-ს საწინააღმდეგო კამპანიებს უკავშირდებოდა. საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანტიდასავლური კომენტარები თითქმის წინა წლის იდენტური იყო, ხოლო სასულიერო პირების მხრიდან მედიით გაკეთებული ანტიდასავლური კომენტარები, – შედარებით მცირე.
მედიის განვითარების ფონდი აცხადებს, რომ მედიამონიტორინგის შედეგად, 23 საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოვლინდა, რომლებიც, წინა წლების მსგავსად, ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩეოდნენ. მათგან ახალია „საქართველოს განვითარების ლაბორატორია“, პრიმაკოვის სახელობის „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“ და „ევრაზიის ინსტიტუტი“.
ანგარიშის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან, ანტიდასავლური კომენტარების გაჟღერებით, თადარიგში მყოფი გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე და ექსპერტი მამუკა არეშიძე ლიდერობენ.