ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმის თქმით „ქართულ ფარას“ ექნება დადებითი მხარე

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განმარტა, ვის შეეხება ე.წ. ქართული FARA. კანონი „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო და აღმასრულებელ უწყებად სწორედ ანტიკორუფციული ბიურო განსაზღვრა.
„ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს… ერთია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად [აწარმოებდეს] იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც კანონს აქვს განსაზღვრული“, – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
იმის მიუხედავად, რომ ის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგაც კანონი შეიძლება გამოიყენონ, მას „ქართული ოცნების“ რეპრესიის გაგრძელებად აღიქვამენ, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ფარას“ ექნება დადებითი მხარე:
„აქ არ არის არანაირი საუბარი შეზღუდვების დაწესებაზე. პირიქით, ეს კიდევ უფრო გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში“.
კანონი, რომელიც „ფარას“ სახით არის წარმოდგენილი, ხელს უწყობს დონორ ორგანიზაციებს, ჰქონდეთ უფრო მჭიდრო, გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ცოდნას სძენს ჩვენს მოქალაქეებს იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება საქართველოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განუცხადა, რომელიც კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს საელჩოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კუპრაშვილის თქმით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, ანუ „ფარას“ კანონი, ამოქმედდება 31 მაისიდან.
„დღეს ჩვენ ვხვდებით საელჩოების, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებს და ამ სამუშაო შეხვედრის ფორმატში განვიხილავთ ამ კანონის ამოქმედების მექანიზმებს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონი, რომელიც „ფარას“ სახით არის წარმოდგენილი, ხელს უწყობს დონორ ორგანიზაციებს, უფრო მჭიდრო, გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ცოდნას სძენს ჩვენს მოქალაქეებს იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. რაც შეეხება თქვენს აღნიშვნას, რომ კანონი თითქოს რომელიმე ორგანიზაციას შეზღუდავს, ასე არ არის, პირიქით, გამჭვირვალე სამუშაო პროცესი ხელს შეუწყობს ყველა ამ ორგანიზაციის საქმიანობას და უკეთ წარმოჩნდება ის პროექტები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ცოდნა და ინფორმაცია, თუ რა პროექტები ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, პოლიტიკას“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, ასევე, უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ მოხდება იმის უზრუნველყოფა, რომ კანონით მედიის შეზღუდვა არ მოხდეს.
„ეს კონტექსტი არ შეეხება ამ კანონს. „ფარას“ კანონი, პირიქით, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და არანაირად არ არის კავშირში რაიმე სახის შეზღუდვასთან. „ფარას“ კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციას, ფიზიკურ პირებს, ეს არის უკვე სამუშაო პროცესში განსასაზღვრი, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, ვის შეეხება, უბრალოდ, ითვალისწინებს ორ გარემოებას, ერთი, რომ უცხოურ დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია, და, ამავდროულად, მის პოლიტიკურ საქმიანობას, რასაც კანონი განსაზღვრავს. აქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ის კიდევ უფრო გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ცოდნა, უცხოური ორგანიზაციების ხელმძღვანელების დავალებით რა პროექტები ხორციელდება საქართველოში, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
1 აპრილს „ქართულის ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, – რომელიც ამერიკული FARA-ს საფუძველზე შეადგინეს, თუმცა ამერიკული ანალოგისაგან განსხვავებით, იგი მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრაციების შესაზღუდად მიიღო – დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გრანტების მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის გარეშე აღარ შეუძლიათ, გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.