ანტილგბტ ჯგუფებისგან ტერიტორიას პოლიცია იცავს

„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს, 8 ივლისს „პრაიდის ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება კვლავ მოჰყვა.
პოლიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, სპეცრაზმის ჯგუფმა, ლისის ტბის შიდა ტერიტორიაზე ახალი კორდონი გააკეთა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ამ კორდონის გარღვევას ცდილობენ.
მედიის ცნობით ისინი ცდილობენ შემოვლითი გზით, მინდვრების გავლითაც შეაღწიონ ტერიტორიაზე. ისმის შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს“. აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია ასობით პოლიციელი. ანტილგბტ აქციის მონაწილეები მიმართავენ პოლიციას, რომ მისცენ ტერიტორიაზე შესვლის უფლება.
მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ 8 ივლისს დილიდან შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა, ანტიდასავლურმა ჯგუფებმა ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს და ლისის ტბამდე ავიდნენ.
ანტილგბტ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორებს მისი ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ.
Tbilisi Pride-ის თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია ფეისბუქზე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე აღარ ავიდნენ.
“მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა”, – წერს ის ფეისბუქზე.
თბილისი პრაიდის წევრის ანა სუბელიანის ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიაზე ამ წუთებში სიმშვიდეა და პოლიცია მათ უსაფრთხოებას იცავს. ფესტივალი 2 საათში უნდა დაიწყოს.
პარალელურად მსვლელობა დაიწყეს ჰომოფობმა და მოძალადე ჯგუფებმა. მათი ნაწილი უკვე ტერიტორიაზეა, ნაწილი კი ახლა მიდის.
სუბელიანი აცხადებს, რომ ადგილზე რაიმე ინციდენტი არ მომხდარა.
“ჩემი აზრით, პოლიცია ამ წუთას ნამდვილად ასრულებს დანაპირებს და მოწოდების სიმაღლეზეა. ადგილზე სიმშვიდეა და არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მცირე ჯგუფები ახლო-მახლო არიან, ისინი პოლიციას ლოკალიზებული ჰყავს. პოლიცია ადგილზე ნამდვილად აკავებს მათ და არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენამდე მოვიდნენ”, – თქვა სუბელიანმა
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
იქამდე ალტ-ინფოს წევრებმა გააჟღერეს, რომ სურთ, ტერიტორია იზოლაციაში მოაქციონ და ფესტივალი ჩაშალონ.