ანტუან გრიზმანი ატლეტიკოში 8 ნომრით ითამაშებს. ჟოაო ფელიქსმა შვიდიანი არ დათმო
ბარსელონაში გადასვლამდე ანტუან გრიზმანი ატლეტიკოში 7 ნომრიანი მაისურით თამაშობდა, თუმცა უკან დაბრუნებულს თავისი ნომერი დაკავებული დახვდა. ჟოაო ფელიქსმა ფრანგს შვიდიანი არ დაუთმო და ახალწვეულს თავისუფალი 8 ნომერი ერგო.
რვიანით ამ დრომდე მადრიდულ კლუბში საულ ნიგესი თამაშობდა. ნიგესი კი წელს ჩელსიში გადაბარგდა და ნომერი თავისუფალი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ როცა გრიზმანი კატალონიურ კლუბს შეუერთდა, ესპანეთის ჩემპიონმა ის სწორედ ფელიქსით ჩაანაცვლა. ახლა კი საკუთარი ნომერი ფრანგს უბრალოდ არ დაუბრუნა.
სწორედ ამ ზაფხულის ტრანსფერზე ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა მანჩესტერ იუნაიტედში, ერთი დიდი განსხვავებით: ედისონ კავანიმ, თავისი 7 ნომრიანი მაისური კრიშტიანუ რონალდოს უპრობლემოდ დაუთმო.
ბარსელონას და ატლეტიკოს შეთანხმების მიხედვით, გრიზმანის იჯარის გახანგრძლივება კიდევ ერთი სეზონით ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ასევე, მადრიდელებს ფეხბურთელის 40 მილიონად გამოსყიდვის უფლებაც აქვთ.