ანულირებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არის ხალხის გაბითურება-მდინარაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელომწერას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით საზოგადოების გაბითურებას ცდილობს, რაც, მისი თქმით, არასწორი პიარული სვლაა.
“ენმ-ს ეხვეწებოდა მთელი მსოფლიო, რომ ხელი მოეწერათ ამ შეთანხმებისთვის და ეს პრინციპულად არ გააკეთეს. მოუწიათ მოწერა, მაგრამ გვიან. ახლა ანულირებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არის ხალხის გაბითურება და პოლიტიკური ფარსი, რომელიც მათ არ გამოუვათ,”- აცხადებს მდინარაძე.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შარლ მიშელის შეთანხმების“ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება 1 სექტემბერს მიიღო.
პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას თქმით, სააქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია.