აფეთქება ბაქო-თბილისი-ყარსი-ერზრუმის გაზსადენზე ტერაქტის შედეგია
ბაქო-თბილისი-ყარსი-ერზრუმის გაზსადენზე, თურქეთის პროვინცია ყარსის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქება კვალიფიცირებულია როგორც ტერორისტული აქტი. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა განაცხადა, – გადმოსცემს თურქული პორტალი Haber Vitrini.
მინისტრის განცხადებით, ქურთისტანის სახალხო პარტიის სეპარატისტულ-ტერორისტული დაჯგუფების წევრები გაზსადენს თავს დაესხნენ. შედეგად, მოხდა აფეთქება და გაზის მიწოდება შეწყდა. თანერ ილდიზის თქმით, გაზსადენზე და ელექტროსადგურებზე ეს პირველი თავდასხმა არაა. ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, თურქეთს 200 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.
მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ტერაქტები გამეორდება და ქვეყანაში რამდენიმე ელექტროსადგური კიდევ გაითიშება.
ბაქო-თბილისი-ყარსი-ერზრუმის გაზსადენზე საწვავის მიწოდება ჯერ არ განახლებულა.