მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აფეთქება გაზგასამართ სადგურზე

თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე წუხელ აფეთქება მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი.

ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის გავრცელების ან ხელახალი აფეთქების საშიშროება არ არის. აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, დაშავებულმა დამწვრობა სხეულის 25%-ზე მიიღო. მას სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.

მოგვიანებით, გაზგასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააპატიმრეს, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი აფეთქების ეპიცენტრთან მიახლოებას ცდილობდა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა. გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ, სამართალდაცველებმა მამაკაცი დააკავეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button