უკრაინის დედაქალაქ კიევში, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ინციდენტი გრიგორენკოს ქუჩის 41 ნომერში მოხდა. დაზიანებულია კორპუსის ოთხი სართული. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური და სპეცტექნიკა. წინასწარი ვერსიით, ცხრასართულიან სახლში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
კორპუსიდან 21 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჯერ უცნობია, რამდენი მოქალაქე იმყოფებოდა სახლში აფეთქების დროს.
უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, სამართალდამცავები კიევში დღეს მომხდარი აფეთქების ორ ვერსიაზე მუშაობენ. როგორც ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ერთ-ერთი ვერსია ბუნებრივი გაზის აფეთქებაა, ხოლო მეორე – ასაფეთქებელი ნივთიერება.
„ახლა ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები და ნიმუშები ექსპერტიზაზე წაიღეს. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.” – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.