აფგან მუხთარლი საქართველოშია
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. გატაცების შემდეგ მუხთარლი ქვეყანაში პირველად შემოუშვეს. როგორც ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, ის უკვე თბილისში იმყოფება.
აფგან მუხთარლი გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს. ის საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ქვეყანაში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც აპირებდა, თუმცა მაშინ თქვა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში, განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.
2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) დღემდე იძიებს.