აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.
კერძოდ, მათივე ცნობით, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. შესაბამისად, დღესვე აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
„საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
სადიგოვმა საპატიმრო 5000-ლარიანი გირაოთი დატოვა.
„17 აპრილს, 13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მის პოზიციას, მოთხოვნებსა და მოწოდებებს წარვადგენთ.
საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვდა, რომ აფგან სადიგოვის მიმართ საერთოდ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა. აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს – პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის უფლებების დაცვას.
მოხარულები ვართ, რომ დევნილი ჟურნალისტი თავისუფალია. კვლავ ვუცხადებთ სოლიდარობას მას და მის ოჯახს“, – წერია განცხადებაში.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ცოლის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
აფგან სადიგოვმა 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დააპატიმრეს, საპატიმროში 242 დღე იშიმშილა და მისი ჯანმრთელობა მაშინ სერიოზულად შეირყა.
მან საქართველოს ციხეშიც იშიმშილა 161 დღე – მშრალ შიმშილობაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი დაეთანხმა პროკურატურას და აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
მან შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დროებითი ღონისძიების ფარგლებში მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.