მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც,,-ქართული ოცნების დეპუტატი

"თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა აფხაზეთში მიესალმებიან ასეთ ნაბიჯს" - შამბა

“აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც… მასეთ კითხვებს რომ სვამთ, თქვენ ხართ სეპარატისტი”, – ამ ანტისახელმწიფოებრივი, რუსული განცხადებით პასუხობს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა ოსებისთვის ბოდიშის მოხდას. მის კომენტარს “ბათუმელები” ავრცელებს.

“აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში, იმას ვისაც იარაღი არ ეკავა, შერიგება სხვანაირად ვერ მოხდება… [ისტორიკოსი] არ ვარ, მაგრამ ისტორია ძალიან კარგად ვიცი… შერიგება როგორ ხდება თქვენი აზრით? რა თქმა უნდა მოსახდელი გვაქვს ერთმანეთისთვის ბოდიში… მასეთ კითხვებს რომ სვამთ, თქვენ ხართ სეპარატისტი. მასეთ შეკთხვას რომ სვამთ, თქვენ ხართ ზუსტად სეპარატისტი და ამ ქვეყნის მტერი”, – ამბობს ბაციკაძე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ საქართველო ჩადენილის გამო ბოდიშს მოიხდის, „აფხაზეთში მიესალმებოდნენ შერიგებისკენ გადადგმულ მსგავს პირველ ნაბიჯს“. ამის შესახებ შამბამ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ასევე უნდა თქვას უარი ფორმულირებებზე, რომლებიც არ უწყობს ხელს ურთიერთობების დარეგულირებას, კერძოდ, “ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ.

შამბამ ხაზი გაუსვა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი არავითარ განხილვას არ ექვემდებარება“. მისი სიტყვებით, აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია “საომარი მოქმედებების განუახლებლობა და აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა.”

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განიხილეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების თემა.

სოხუმს ეწვივნენ გაეროს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჯიჰან სულთანოღლუ, ეუთოს თანათავმჯდომარე ვიორელ მოშანუ და ევროკავშირის თანათავმჯდომარის პოლიტიკური მრჩეველი გოტფრიდ ჰანე. რაც შეეხება თანათავმჯდომარეს ევროკავშირიდან ტოივო კლაარს, სხვა თანამდებობაზე გადასვლის გამო მას ცვლის მაგდალენა გრონო, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებას 1 ნოემბრიდან შეუდგება.

სოხუმში ჩასვლამდე, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა თბილისსა და ცხინვალში გამართეს მოლაპარაკებები. მათ, კერძოდ, განაცხადეს, რომ არ მიემხრობიან დისკუსიების გადატანას შვეიცარიიდან სხვა ქვეყანაში.

14 სექტემბერს საქართველოში მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის ომისთვის ოსებისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. მილიარდერის სიტყვებმა ქართული საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არც არავინ აპირებს, ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები“.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში.

ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

მსგავსი პოსტები

Back to top button