მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” საქართველოს არ დაუბრუნდება,,-დუმის დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი „დამოუკიდებლობას არ გაწირავენ საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“.

რუსი დეპუტატი ამბობს, რომ თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დალაგებაზე ალაპარაკდა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.
„არჩევნების წინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა განეცხადებინა თავის ახალ მიდგომაზე, კერძოდ, მობოდიშებაზე ოსების მიმართ, 2008 წელს სააკაშვილის აგრესიის გამო. ეს ყველაფერი გაკეთებულია არა მხოლოდ საერთაშორისო მოსაზრებებით, არამედ ძირითადად შიდაპოლიტიკური მიზნებით. ასე ცდილობენ ამომრჩევლის ყურადღება მიაპყრონ იმაზე, თუ რა ჩიხში შეიყვანა ქვეყანა სააკაშვილმა ამ აგრესიით“, – უთხრა დეპუტატმა „Газете.Ruს-ს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბრისას, ზატულინმა თქვა, რომ „ამ მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა“.

„საქართველოსთვის აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის არავითარი დაბრუნება არ მოხდება. რუსეთი არანაირად არ იქონიებს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებაზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, რის იმედიც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს. ჩვენ სრულიად სხვა მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. არ არის და არც შეიძლება არსებობდეს ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლის რაიმე გეგმა გარკვეული მოჩვენებითი სარგებლისთვის“, – თქვა ზატულინმა. პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს გორში მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

ამ განცხადებას თბილისში, გორსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”.

მსგავსი პოსტები

Back to top button