მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია-შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია.

„ჩვენ (რუსეთთან – რედ.) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი“, – განაცხადა შამბამ სოხუმის მოსკოვის სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარე დისკუსიაზე „აფხაზეთისა და რუსეთის კულტურული და სოციალური სივრცე“.

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, შამბამ აღნიშნა, რომ რუსული ენის წყალობით, აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიმეცნა.

„უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამაც შეითვისა მრავალი ტრადიცია და ზოგიერთი კულტურული მომენტი. და ეს ორმხრივი გამდიდრება იყო. დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ეროვნების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის – მწერლების, მხატვრების და სხვა მრავლის – ყურადღებას“, – აღნიშნა მან.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ „რუსეთთან შესაძლო ურთიერთობების ხელსაყრელი ფორმა შეიძლება იყოს ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი: დამოუკიდებლობის შენარჩუნებისას აფხაზეთი მზადაა, რუსეთთან ერთად თავისი საგარეო და თავდაცვის, მათ შორის საზღვრების დაცვის პოლიტიკა ააგოს“. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას აფხაზურ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – „დამოუკიდებლობა”. საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.

მსგავსი პოსტები

Back to top button