აფხაზეთიდან დევნილი 4 პირი ორი კვირაა შიმშილობს

აფხაზეთიდან დევნილი 4 პირი ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში, სამხარეო ადმინისტრაციის უკან, პოლიეთილენის პარკებით და ძველი ფიცრებით შეკრულ ფარდულში შიმშილობას ორი კვირაა განაგრძობს.
ერთ-ერთი მოშიმშილის, ნანული ბებიას შვილი, ნინო ბებია რადიო თბილისთან აცხადებს,რომ აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
მიუხედავად ამ ფაქტისა, ისინი პროტესტის შეწყვეტაზე უარს ამბობენ.
ნინო ბებია განმარტავს,რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ურჩიეს ბრძოლა სასამართლოს გზით განაგრძონ.
„სააგენტოში ბინით დაკმაყოფილებაზე ისევ უარი გვითხრეს. მხოლოდ დაპირებებია, რომ მომავალში იქნება, ამიტომ ესენი, მათ შორის დედაჩემიც, ისევ უარს ამბობენ და აგრძელებენ შიმშილობას“, – ამბობს ბებია.
მოშიმშილეების ცნობით, მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას 14 დღის წინ მიმართეს.
აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, 63 წლის ქეთევან ინალიშვილს კი პირი აქვს ამოკერილი. მას ამ დღეების მანძილზე რამდენჯერმე დასჭირდა სასწრაფო დახმარების ექიმების გამოძახება.
დევნილები ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში წლებია ცხოვრობენ და იქ არსებული მძიმე პირობების გამო, სახელმწიფოსგან ახალი ბინით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ნოემბერში, დევნილთა განსახლების მორიგ ეტაპზე, სახელმწიფომ უსამართლოდ გაანაწილა ახალი ბინები და დაპირების მიუხედავად, ისინი უმძიმეს პირობებში, ნგრევად შენობაში დატოვა.
დევნილების ინფორმაციით, შენობაში არ არსებობს ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, რაც განსაკუთრებით აუცილებელია ეპიდემიის დროს.
შენობის საერთო საპირფარეშოებში, მოუწესრიგებელი წყლის სისტემის გამო, ანტისანიტარიაა. წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.
“ზუგდიდში, გასაჩივრების კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდნენ ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნდათ. კომისიამ იხელმძღვანელა არსებული კანონმდებლობით, თითოეულ დევნილ ოჯახს განემარტა, თუ რატომ ვერ მოხდა ამ ეტაპზე მათი ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და შესაბამისად, მათთვის ეს მიზეზები ცნობილია“.
მიუხედავად უამინდობისა, დევნილები პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოხატვით-შიმშილობით აგრძელებენ საპროტესტო აქციას.