ღამით რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონის ქალაქი ნიუ-იორკი დაბომბეს

დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ ბოლო დღის განმავლობაში უკრაინის მიერ კონტროლირებად რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.
ორი ბავშვი დაიღუპა სოფელ დრუჟბაში – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაავრცელა. სავარაუდოდ, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის არის ნიუ-იორკის დასახლების ოთხი მცხოვრები.
შაბათს ღამით რუსეთი დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რაიონებს დაესხა თავს. დნეპროპეტროვსკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, რუსულმა ჯარებმა ნიკოპოლი ორჯერ დაცხრილეს.
პირველი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი, 57 და 78 წლის, საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის ჭრილობებით გადაიყვანეს. ასევე დაზიანდა რვა კერძო სახლი და ცხრა სამეურნეო შენობა.
მეორე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზიანდა სამრეწველო საწარმო. არტილერიის გარდა, რუსეთმა ნიკოპოლის წინააღმდეგ დრონიც გამოიყენა – „ის ჩამოაგდეს:მ წერს ლისაკი.
საერთო ჯამში, გასულ ღამეს უკრაინაში, სავარაუდოდ, ხუთი შაჰედის ტიპის დრონი გაისროლეს. წინა სამი ღამისგან განსხვავებით, სარაკეტო თავდასხმა არ მომხდარა.
რუსეთს ამ თავდასხმების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
22 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ხუთი “შაჰიდის” ტიპის დრონით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ყველა მათგანი ჩამოაგდეს.
“ხუთივე კამიკაძე დრონი საჰაერო ძალების საზენიტო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, როგორც უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, გასული დღის განმავლობაში საზენიტო თავდაცვამ გაანადგურა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ცხრა სადაზვერვო თვითმფრინავი. გასულ დღეებში კი საჰაერო ძალებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ 25-ზე მეტი ჯგუფური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.