რეგიონი

აფხაზი აქტივისტების ნაწილი მხარეებს უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 20-ზე მეტი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

მიმართვის ტექსტის ავტორია მწერალი და ჟურნალისტი ნადეჟდა ვენედიქტოვა.

„ჩვენ, აფხაზეთის მცხოვრებლებმა, 30 წლის წინ გადავიტანეთ ომი, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სისხლისღვრა უკრაინაში. ორივე მხრიდან ადამიანების სიკვდილი მხოლოდ აღრმავებს არსებულ წინააღმდეგობებს, რომელთა გადაწყვეტაც მშვიდობიანი გზითაა აუცილებელი. გლობალურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ყოველდღიურად მატულობს, უკვე გააუარესა თითქმის მთელ პლანეტაზე ცხოვრების ხარისხი. ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს ბირთვული ომი, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება ყველა ჩვენგანისთვის“-წერენ მიმართვის ხელმომწერები სოციალურ ქსელში.

ისინი კეთილგონიერებისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ ყველას, ვისაც სისხლისღვრის და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შეჩერება შეუძლია.

მიმართვას ხელს აწერენ ნადეჟნა ვენედიქტოვა, საიდა ალანია, რუსუდან კობიაკოვა, დიანა კერსელიანი, ნაალა კარტოზია, აიდა ლადარია, ლიუდმილა საღარია, მადიანა გარცკია, ასიდა ბუტბა, ელონა ტურავა, საიდ გაზედრავა, ინდირა აგრბა, ლიანა კვარჩალია, აზამატ ბაღატერია, ასიდა ლამია, ციალა ცკუა და ელიტა კოკოსკერია.

მიმართვის ტექსტს სოციალურ ქსელში ფართო დისკუსია მოჰყვა. ნაწილი მას მხარს უჭერს ზოგი კი პროვოკაციად აფასებს.

შეგახსენებთ,11 მარტს სოხუმში რუსეთისა და რუსული არმიის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა.
25 თებერვალს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უკრაინის ორი ე.წ რესპუბლიკის, “დონეცკისა” და

“ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების”, “დამოუკიდებლობის” ცნობას მოაწერა ხელი.
10 მარტს ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერმა აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button