აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა
აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -3.6%-ს შეადგენს.
„წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია”. – აღნიშნა თოდრაძემ.
“16.6%-იან კლებაში ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობამ შეიტანა”. – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა. როგორც მან განმარტა, მშენებლობასთან ერთად, ეკონომიკურ კლებაში დიდი წვლილი შეიტანა ვაჭრობამ და დამამუშავებელმა მრეწველობამ.
„მშენებლობის სექტორში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, გამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ისე სამოქალაქო და სპეციალიზირებული სამუშაოების შემცირებასთან. ასევე, 34%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი. 65%-ით შემცირდა ცემენტის და კლინკერის იმპორტი. ვაჭრობის დარგში კლება, ძირითადად, დაკავშირებული იყო ავტომობილებით და მისი დეტალებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთან. 87%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. 27%-ით შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი”. – აღნიშნა თოდრაძემ.
მისივე თქმით, 2020 წლის აპრილში შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა. აღსანიშნავია შემცირება ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში.
ამასთან, აპრილში საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39%-ითაა შემცირებული. კლება ფიქსირდება საწარმოთა რეგისტრაციის კუთხითაც. როგორც “საქსტატის” დირექტორი აცხადებს, აპრილში სულ 307 საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელს 93%-ით ჩამორჩება.