“სარიტუალო ხარჯებით დახმარების საკითხზე, ჯერ კიდევ ქალბატონის გარდაცვალებამდე ვმუშაობდით”

თელავში მცხოვრები, შშმ პირის, ნატო ბანცურაშვილის დედის გარდაცვალების თემაზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტება გააკეთეს.
საქმე ეხება, გოგოლაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თელავის მერიამ შშმ პირის დედის დაკრძალვის უზრუნველყოფაზე უარი თქვა.
სოციალურ საკითხებში, მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის განმარტებით, ბანცურაშვილებისათვის სარიტუალო ხარჯებით დახმარების საკითხზე, ჯერ კიდევ ქალბატონის გარდაცვალებამდე მუშაობდნენ.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის იყო მძიმე ონკოპაციენტი და ჰქონდა უიმედო მდგომარეობა. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ჩვენ მის დახმარებაზე ფიქრი რომ დავიწყეთ. სამწუხაროდ, იმ კრიტერიუმებში, რასაც ეს პროგრამა სარიტუალო ხარჯებისათვის ითვალისწინებს, ეს შემთხვევა არ ჯდებოდა. ამის მიუხედავად, მაინც მოხერხდა და ქალბატონის გასასვენებლად, შევიძინეთ სასახლე. ეს გავაკეთეთ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მისი ქალიშვილი შშმ პირია. მას დედის დაკრძალვა არ შეეძლო“, – განუცხადა ყუშიტაშვილმა რადიო “ჰერეთს”.