მნიშვნელოვანისიახლეები

აგენტების კანონის განხილვის დაწყება კომიტეტმა 15 აპრილამდე გადადო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განსახილველად კომიტეტი 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს შეიკრიბება.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილს დასვენების დღეა, კომიტეტი პროცედურით გათვალისწინებულ სამდღიან ვადას დაიცავს და ცვლილებებზე პირველი მოსმენით მომავალი კვირის ორშაბათს იმსჯელებს.
„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება საგაზაფხულო სესიის [28 ივნისი] დასრულებამდე.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი – ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები.

ბიუროს გადაწყვეტილებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი, ალტერნატიულ კანონპროექტებთან ერთად, განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ კანონპროექტების ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ფარგლებში განხილვა მოითხოვა, თუმცა მათი ეს წინადადება უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება”. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად “ჩაგდებული” პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტებს, ის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ წევრების მიერ არის ინიცირებული. “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

“გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.
შეგახსენებთ „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი გიორგი გახარიას გუნდის მიერ.
8 აპრილს პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცედურაზე იმსჯელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button