აქციები რუსთავში მცხეთასა და თერჯოლაში [Audio]

ავტოდილერების აქცია რუსთავში

ავტოდილერების აქცია რუსთავში. მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები ავტობაზრობის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მათ მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. საუბარია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების 2017 წლის 1 იანვრიდან აკრძალვაზე. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ მინიმუმ 2 წელი სჭირდებათ სხვა ქვეყნის ბაზრის ასათვისებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება. შეკრებილები აქციების გაგრძელებას გეგმავენ. აქციის მონაწილეებს არავნ გამოხმაურებია.

აქცია მცხეთაში

საყდრისის გადარჩენის კომიტეტი მცხეთის არქეოლოგიური ბაზის გაყიდვას აპროტესტებს. კულტურული მემკვიდრეობის დამცველების განცხადებით, მეცნიერები, რომლებიც მცხეთა-არმაზის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებენ, შესაძლოა, მალე სამუშაო ადგილის გარეშე აღმოჩნდნენ. ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება უახლეს აღმოჩენებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, არქეოლოგიური ბაზის ნაცვლად სასტუმრო უნდა აშენდეს. ტერიტორია კი ინვესტორს ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად ერთ ლარად გადასცა.

ინვესტორი სასტუმროს მშენებლობას ადასტურებს. თუმცა ამტკიცებს, რომ ის აპირებს სანაცვლოდ ახალი ბაზის აშენებას, რომლის შემდეგაც მოხდება ძველი შენობის დანგრევა.

თერჯოლა ძირითადი გზის გარეშე რჩება

აქცია გაიმართა თერჯოლის რაიონში, სადაც მშენებარე ავტობანის გამო 150-ოჯახიანი სოფელი ძირითადი გზის გარეშე დარჩა. ეწერის მოსახლეობამ სპეცტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი მათ სოფელში შესასვლელი გზა არ მოეწყობა, ბლოკირებას არ შეწყვეტენ. სოფელი, რომელშიც 150 ოჯახი ცხოვრობს, მხოლოდ ერთი გზით სარგებლობს და რამდენიმე კილომეტრის დამატებით გავლა უწევთ მაგისტრალამდე. პროექტით გზის მოწყობა გათვალისწინებული არ არის. სოფლის გამგეობაში განმარტავენ, რომ საგზაო დეპარტამენტს წერილით უკვე მიმართეს და პასუხს რამდენიმე დღეა, ელოდებიან.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button