დაშვებული დროშები და სტრატეგიული პარტნიორების თანადგომა

საქართველო-რუსეთის ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. მათ შორის, სახელმწიფო დროშა დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, ორბელიანების სასახლის შენობებზე.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და კომიტეტის წევრი მაიკლ მაკკაული რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„რუსეთის უგუნური შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, მის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია და საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა გრძელდება. ეს ქმედებები მიუღებელი იყო 2008 წელს და მიუღებელია ახლაც. ქართველმა ხალხმა მსხვერპლი გაიღო უფრო დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად და საქართველომ დაამტკიცა, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ავღანეთში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს, უკრაინის და ყველა პარტნიორის სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა, ვინც პუტინის მტრული ქმედებებისგან მიყენებული დარტყმით ზიანდება.“ – ნათქვამია განცხადებაში.
“ნატო განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე, რის შედეგადაც, ათასობით საკუთარი სახლებიდან და მიწიდან გადაადგილებულია. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.” – წერს ჯეიმს აპატურაი.
https://www.facebook.com/JamesAppathurai/posts/3220839304642530?__xts__[0]=68.ARC35njIYlwtXOu9NyxJwRkIUGoHyhUHNE_VVGXyNUROZ1uL18ySM285HOUtokLSWWBYhM7R-Fee6JhSwYwBH7RvEwPrjW_I47iK6owr9pcrxIiHohfcJqr_n0Mo2elN2bw9txU43_u46Hrng2BjHQT_236iW6r6DI8RTIJ_gXlnyi0N2MD53XD4hJke1jHGZFJNdYSDXDGvPvP3QMNVcqxmw3YgzUEopa875_exqpX1fi0Rcw0qsG6fmvXt_aHQwDuIrQ9RnMruO62uuCW9y0ZbiU7yIdW-Q1Xe4C7fhDEttrl_Sc3X-_M2xGK-enq1JZPa-hMR8P1uYoel7rP7cQ&__tn__=-R
“საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.” – ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად მასპინძლობს.
როგორც კონგრესმენმა განაცხადა, ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდეს.
„დიდი მადლობა ყველას, რომ აქ ვიმყოფებით, დიდი მადლობა ჩემ ევროპელ და ქართველ მეგობრებს, განსაკუთრებით, ბატონო მინისტრო, მადლობა.
“მინდა გითხრათ, რომ ათვლის წერტილი არის 12 წელი, 12 წელი ძალიან გრძელია. საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დამეთანხმებიან. ფაქტობრივად ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციის დროს. როცა ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობ, საქართველო მეორე გახლავთ ამერიკის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მომავლისთვის. ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი, ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას. მე ველი მომავალზე საუბრებს ჩემ მეგობრებთან და ყველა სხვასთან.” – განაცხადა კინზინგერმა.