ქალის ტანსაცმლით სოფლის ქუჩებში_მამაკაცის საკუთარი არჩევანი თუ სიკვდილის შიში

ქალის ტანსაცმლით სოფლის ქუჩებში- მამაკაცის საკუთარი არჩევანი, თუ სიკვდილის შიში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და სოფელში ჩამოატარეს.
ფაქტი სოფელ კაბალში მას შემდეგ მოხდა, რაც 29 წლის მამაკაცი ნათესავ ქალზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.
ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის, პირის დამცირების იძულების, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებისათვის, რამაც მას ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა, სამართალდამცავებმა სოფელ კაბალში მცხოვრები სამი მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია რომ ბრალდებულები დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა იმ მოტივით, რომ დაზარალებულმა მათი შეფასებით სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მისთვის დამამცირებელი ქმედების განხორციელება, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ფსიქიკური იძულების შედეგად, დაზარალებულმა მათი მოთხოვნა შეასრულა, რის შემდგომაც ბრალდებულებმა ის სოფლის ქუჩებში გაატარეს, რითაც პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
საქმის მასალების თანახმად, მომხდარს რამდენიმე ათეული ადგილობრივი ადევნებდა თვალს და დაზარალებულს ვიდეოს უღებდა.
დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოდავე ოჯახები დახმარების თხოვნით მათთან თავად მივიდნენ.
ოჯახი, რომლის წევრზე ძალადობასაც ახალგაზრდა კაცს ედავებიან, რადიო ჰერეთთან ყვება, რომ მამაკაცმა ნათესავებს ცხენის აღჭურვილობა სთხოვა, მასთან ერთად სარდაფში ჩასულ ქალს კი კარი მიუხურა და მასზე ძალადობა სცადა.
ქალის ყვირილის შემდეგ, სავარაუდო მოძალადე გაიქცა.
ქალის დედა ამბობს, რომ მისი შვილის ფსიქო- ემოციური მდგომარეობა რთულია და მის მიმართ განხორციელებული ღირსების შემლახავი ქმედების შემდეგ, გოგო თავს ცუდად გრძნობს.
ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციაში განაცხადის თავიდან ასაცილებლად, მამაკაცმა ბოდიშის მოხდის ფორმად ქალის კაბის გადაცმა და სოფელში ჩამოვლა, თავად აირჩია.
“სახლში ვიყავით მე და ჩემი შვილი. ეს ბიჭი მოვიდა და ცხენის ხამუთი ითხოვა. სარდაფში ხამუთი ვერ იპოვა და დახმარება ითხოვა. სარდაფში ჩავიდა ჩემი გოგოც. ამ დროს კაცმა ჩემს შვილზე სექსუალური ძალადობა სცადა. გოგომ ყვირილი ატეხა და დახმარებას ითხოვდა. მას მაისური ჰქონდა დახეული. ერთ საათში კაცის დედა მოვიდა.. შემოგვთავაზა რამდენიმე ვარიანტი, თუ გინდათ ქალის კაბა ჩაიცვამს და ქუჩაში გაივლისო, მთავარია ჩემი შვილი არ დაიჭირონო“ – ჰყვება გოგოს დედა.
იგივეს ამტკიცებს ქალის მამამთილი, რომელიც ამბობს, რომ დანაშაულის გამოსყიდვისათვის სხვადასხვა შეთავაზება მიიღეს, თუმცა საბოლოოდ არჩევანი
ქალის კაბის გადაცემაზე შეჩერდა.
ადვოკატი, ლალი ჯანაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდება და თვლის, რომ დაზარალებულის ნაცვლად, მამაკაცი ბრალდებულად უნდა ცნონ.
“ჩვენ ვითხოვთ იმ მამაკაცის დაკავებას, რომელმაც ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა. ასევე ქალს უნდა მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. გამოკითხვაზეც ვიყავით, ჩატარდა ექსპერტიზა. ველოდებით გამოძიების შემდგომ ქმედებას“ – ამბობს ჯანაშვილი.
სოფელ კაბალის ქუჩებში მომხდარი ფაქტის შესახებ, პოლიციას 29 წლის მამაკაცის ოჯახმა შეატყობინა. ახალგაზრდა კაცის მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდას არაფერი დაუშავებია და არანაირ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ქალის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137- ე მუხლით, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.