მნიშვნელოვანისიახლეები

აქტივისტები “ემოციურად დაზიანებული”, პროტესტი კი “ყალბი”-ოპოზიციის აქციებს პერსპექტივა არ აქვს-რადიკალიზმის ნაწილი-ოცნება აქციას აფასებს

"ეს პროტესტიც ისევე წარუმატებლად ჩაივლის, როგორც ყველა სხვა დანარჩენი,,

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებს “ემოციურად დაზიანებულს”, პროტესტს კი “ყალბს” უწოდებს.

ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

“ეს აქციები და მთლიანად ოპოზიციის გეგმა არაფერია თუ არა რამდენიმე ასეული ემოციურად დაზიანებული ადამიანის ყალბი პროტესტი..

ორი კარვით კეტავდე ქუჩებს, სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს, უფრო ფართო ჭრილში – კი აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია.

რამდენადაც უცნაური კომპოზიცია არ უნდა იყოს, ბოროტებისა და უგუნურების გაერთიანებას წარმოადგენს ჩვენი ოპოზიცია”, – წერს ნინო წილოსანი.
“ეს პროტესტიც ისევე წარუმატებლად ჩაივლის, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მათი წამოწყებული, იმიტომ, რომ ყალბია პროტესტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი,” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს.

წილოსანის შეფასებით, ოპოზიციის წევრების მხრიდან ქუჩების პარალიზება და თითოეულ მათგანს “საკუთარი ამომრჩევლის თვალშიც სერიოზულ დისკრედიტაციას უკეთებს”.

“კიდევ უფრო მასშტაბური პროტესტის დაპირებით, რასაც ოპოზიცია გასცემს, ნელ-ნელა, უფრო და უფრო მეტ სიგიჟეს ვხედავთ მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, ის უმსგავსობა, რომელიც ახლა გააკეთეს, ორი კარვით ამდენი ქუჩის გადაკეტვა და ქალაქის პარალიზება, უკვე ვფიქრობ, რომ მათივე ამომრჩევლის თვალშიც სერიოზულ დისკრედიტაციას უკეთებს თითოეულ მათგანს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერზე საუბრობენ ახალგაზრდების სახელით, თუმცა, მე მგონია, რომ იქ ბოლოს გვარამია და ლაკა ხოშტარია დაიბრალებენ რომ სტუდენტები არიან, იმიტომ რომ ის რამდენიმე ახალგაზრდაც კი, რომელიც იქ არის, მათი პარტიული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. სამწუხაროდ, ვადევნებთ თვალყურს, მართლა ჯანსაღი ახალგაზრდული ნაწილის მიმართ როგორი ბულინგისა და შევიწროების კამპანია მიმდინარეობს. არაერთი პოსტი, კომენტარი თუ თავდასხმა გასაჯაროვდა, რასაც საკუთარი თანაკურსელების მიმართ ჩადიან ეს ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალგაზრდები და ასირცხვილებენ იმისთვის, რომ ამ სიგიჟეს არ უერთდებიან. ეს პროტესტიც ისევე წარუმატებლად ჩაივლის, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მათი წამოწყებული, იმიტომ, რომ ყალბია პროტესტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი,” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ოპოზიციის აქციებს პერსპექტივა არ აქვს, მათმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ არაფრის გამკეთებელი არიან არც პარლამენტში, არც ქუჩაში, მხოლოდ უცხოეთში აშავებენ საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია არათანმიმდევრულია.

„ოპოზიციის არათანმიმდევრულობას ვხედავთ. ხალხს უთხრეს, აგვირჩიეთ, რომ პარლამენტში შევიდეთო და შემდეგ კარავში შევიდნენ. როგორც წესი, ხვდებიან ხოლმე, რომ კარავსა და ქუჩაში მათი ადგილი არ არის, მით უმეტეს, პარლამენტში, და შემდეგ რადიკალურ პროცესებს იწყებენ. კარვების აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება, რადგან დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები. შესაბამისად, როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის კარუსელი და ვის ატყუებენ? ამ აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება. 24-საათიანი აქცია დააანონსეს. როგორც ჩანს, 24 საათის შემდეგ იღლებიან. რა თქმა უნდა, მათ აქციებს პერსპექტივა არ აქვს, რადგან მათმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელია არც პარლამენტში, არც ქუჩაში. მხოლოდ უცხოეთში აშავებენ საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი ისევ პარალიზებულია – გაშლილია კარვები, ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, პროტესტის ახალ ფორმას გუშინ საღამოს მიმართეს. დაანონსდა, რომ გზაჯვარედინის ბლოკირება 24 საათი გაგრძელდებოდა. ეს დრო დღეს, 20:00 საათზე იწურება.

რასაც დღეს ჩვენ თბილისში ვხედავთ, ჭავჭავაძის გამზირზე, არის იმ რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში კონკრეტული განცხადებებით ვისმენდით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში რადიკალიზმის დრო დამთავრებულია.

„რაც შეეხება ოპოზიციის აქციებს, იმ ფორმით, რასაც ვხედავთ, ეს არის რადიკალური ქმედებები რადიკალების მხრიდან. ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი, ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრა. ისინი მთელი კამპანიის განმავლობაში თავის ამომრჩეველს ატყუებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ისინი გამარჯვებულები იყვნენ. შემდეგ არჩევნების დღეს ყალბი ეგზიტპოლები აჩვენეს, იზეიმეს კიდეც და შემდეგ უკვე დაიწყეს ცრუ კამპანიის გავრცელება, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ის, რასაც დღეს ჩვენ თბილისში ვხედავთ, ჭავჭავაძის გამზირზე, არის იმ რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში კონკრეტული განცხადებებით ვისმენდით. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში რადიკალიზმის დრო დამთავრებულია და ყოველთვის იქნება დამარცხებული, როგორც რადიკალიზმი, ასევე ბოროტება”, – აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტი შეიკრიბება და მთავრობაც დამტკიცდება, რასაც „ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”.

„ქვეყანაში ჩვენ გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდება. რამდენიმე დღეში პარლამენტი შეიკრიბება, ასევე, დამტკიცდება პრემიერ-მინისტრი, ახალი მინისტრთა კაბინეტი და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო. ჩვენ დღეს გაჩერების შესაძლებლობა არ გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს ეკონომიკურად, წინ წავიდეს და მოსახლეობამ კეთილდღეობა იგრძნოს.

ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებები აქვს გამიზნული. ამით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ საკუთარ სახეს აჩვენებენ და მიხარია, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას ”, – აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს და ისინი აქციებში მონაწილეობას არ იღებენ, კალაძემ უპასუხა, რომ ამის მიზეზი შესაძლოა სიცივე იყოს.

„ეს არ ეხება მხოლოდ მამუკა ხაზარაძეს. თქვენ თუ დააკვირდებით ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, ამ რადიკალურ ქმედებებს, განცხადებებს, როდესაც მაგალითად: პარლამენტის წინ შეკრებილი იყო ადამიანები, ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ რადიკალურ ქმედებებთან დაკავშირებით, შემდეგ თვითონ მიიმალებოდნენ და ახალგაზრდებს შეატოვებდნენ სპეცრაზმს და პოლიციას. შედეგად ხდებოდა დაკავებები, დღეს უკვე ორ ადამიანს მისჯილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულზე რამდენიმე წელი. ასევე, ორთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მასაც მიუსჯიან. შემდეგ ის ადამიანები არავის არ ახსოვს. მინდა ყველას მივმართო, ნუ გამოაყენებინებთ საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს, ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს!

ალბათ, სიცივის გამო თავს არიდებენ, გუშინ, ხომ ვნახეთ რამდენიმე მათგანი გაიპარა. ზოგი რაღაცისთვის გადიოდა ვითომ, ზოგი კიდევ თბილი ჩაის დასალევად და ა.შ.”, -აღნიშნა კალაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.

გადაადგილება შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით – მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის პროტესტი საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button