აქტივისტების სახლებში დილის საათებში ჯარიმის ოქმის გადასაცემად პოლიცია მივიდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2024/11/aqcia-sprezi-691x470.png)
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია აცხადებს, რომ დილის რვა საათზე მასთან სახლში პოლიციელები მივიდნენ და გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით დააჯარიმეს. იქვე გადასცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც.
„დილის 8:00 საათზე ისმის კარებზე ძლიერი ბრახუნი, გამეღვიძა, მე მეუღლე და 8 თვის შვილი ტასო ვცხოვრობთ წეროვანში, საიდანაც ყოველ დღე დავდივარ აქციებზე. გავაღე, ვიფიქრე, ჩემი ძაღლი ხომ არ გადახტა გარეთ ეზოდან და ვინმე ხომ არ შეაშინა-მეთქი… დგას სამი პოლიციელი, რამდენიმე კი პერიმეტრს აკონტროლებს – 5000 ლარით ხართ დაჯარიმებული და ოქმი რომ ჩაიბარეთ, დავაფიქსიროთ და 10 დღე გაქვთ გასაჩივრებისთვისო“. ნიკა ნარსია ამბობს, რომ გზის გადაკეტვაზე მის მიმართ კიდევ სხვა ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვვევის ოქმია გამოწერილი. ორივე საქმე სასამართლოშია.
წინა დღით, 8 თებერვალს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ გაავრცელა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის პატაკი შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე, სადაც სირაძე ითხოვს, „სამართლებრივი დახმარების მიზნით”, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს 600-მდე “სამართალდარღვევაზე” რეაგირება. “მოგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბრის თვიდან ქ. თბილისში პერმანენტულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რა დროსაც ხშირად ფიქსირდება აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები.
ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევებზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან ხდება მტკიცებულებების სახით ვიდეოჩანაწერების ამოღება და პირთა იდენტიფიცირება, რომელთა მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოების მიზნით მასალების შეტანა ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
აღნიშნული საქმეების რაოდენობისა და საქმის წარმოების შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით, გთხოვთ, სამართლებრივი დახმარების მიზნით 593 სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, – წერია პატაკში.
„სირაძის მიმართვა აღასრულა შსს-მ. აწი სასამართლოსაც აღარ შეაწუხებენ. თვითონ შსს გაგვასამართლებს. შსს გვიჭერს, ბრალს გვდებს და “გვასამართლებს” კიდეც. ფილმ „მონანიებაში“ მეგონა თავი, კარზე ბრახუნი რომ უბედურებას ნიშნავს“, – წერს ნიკა ნარსია.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნიკა ნარსია ამბობს, რომ ოქმს, დიდი ალბათობით, სასამართლოში გაასაჩივრებს.
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე და აქტივისტი ანა კვანჭილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დილით საკუთარი სახლის აივანზე გადმოფენილი უკრაინის და ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილი დახვდა – აივანზე კი წარწერა დაუტოვეს. მისი სახლი პირველ სართულზეა და როგორც შენიშნავს, ფაქტობრივად, უცნობები ლამის მის სახლში იყვნენ შესულები.
„11-ზე გამვედი სახლიდან, აივანს ავხედე და დავინახე, რომ საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშები აღარ იყო გადმოფენილი. ვიფიქრე, რომ ქარმა წაიღო, მაგრამ გარეთ რომ გამოვედი, აივანზე წარწერა დამხვდა, ხოლო დროშები შიგნით შეყრილი“, – გვიამბობს ანა კვანჭილაშვილი. აივანზე რამდენიმე ასოა დახვდა მიწერილი. ანამ ეს წარწერა ასე გაშიფრა:
„ჩემი აზრით, ეს ნიშნავს „ნაც-ბოზ-ხროვას“ და ცხადია, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ პროტესტში მონაწილეები დაგვაშინონ“.
ანა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მის დაშინებას და გაჩუმებას ცდილობენ.
ჯერ კიდევ დეკემბერში ანა კვანჭილაშვილი წერდა, როგორ მივიდა მის დედასთან სახლში ლურჯ ფორმებში ჩაცმული 4-5 ადამიანი ვითომდა გაზის შესამოწმებლად: „არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები… დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი“, – წერდა აქტივისტი.
ანა კვანჭილაშვილი აპირებს ამ ფაქტის გამო შსს-ს მიმართოს. 74-ე დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.