აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ საქართველო დატოვა

აქტივისტმა, პროევროპული აქციების მონაწილე სანდრო ქინქლაძემ, მეუღლესთან ერთად ქვეყანა დატოვა – სოციალურ ქსელში მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხების გამო“ მიიღო.
პოსტს თან დართული აქვს ფოტო, სადაც სანდროს და მის მეუღლეს საქართველოს პასპორტები და თვითმფრინავის ბილეთები უჭირავთ ხელში. სანდრო ქინქლაძე წერს, რომ პატიმრობის შემდეგაც, ის დღე რესტორანში მუშაობდა, ღამით კი ისევ რუსთაველზე იდგა საპროტესტო აქციებზე, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი სიტყვებით, ხელისუფლებამ დაიწყო მისი და მისი ოჯახის, მისი ახლობლების თვალთვალი, გადაწყვიტა საქართველო დაეტოვებინა.
“დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო. სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან, რაც ბავშვთა სამყარო დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მეორედ როცა 2023 წლის 7 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ დავდექი რუსთაველის გამზირზე 17 წლის ასაკში, გავაანალიზე, რომ რუსეთისკენ იმაზე ჩქარა მივექანებით, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. იმ დღის მერე არ გავჩერებულვარ, არ დამისვენია, ყოველ დღე ჩემს მაქსიმუმს ვდებდი ცვლილებებისთვის. სიცივეში, სიცხეში რუსთაველის გამზირზე ვიდექი, ღამე ქუჩაში ვხატავდი საპროტესტო წარწერებს, სოციალურ ქსელებში ვეძებდი და ვავრცელებდი ინფორმაციებს, ვიბრძოდი რეჟიმის ყველა უსამართლო გადაწყვეტილების თუ ქმედების წინააღმდეგ, გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და მათთან ერთად ყოველდღიურად ვცდილობდი ცვლილებების დაწყებას ამ ქვეყანაში.
შემდეგ გავიცანი ჩემი აწ უკვე მეუღლე ელენე ხუბულავა და მასთან ერთად გავაგრძელე ეს ბრძოლა. მოგვიანებით მისი სახლიდან გამიტაცეს, დამატყვევეს, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გამისწორდნენ, მომისაჯეს პატიმრობა. გამოვედი და გამოვიყოლე არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა და ტრავმა, თუმცა არ გავჩერებულვარ. დღე რესტორანში ვმუშაობდი, ღამე კი რუსთაველზე ვიდექი.
ამ ყველაფრის მერე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი. ჯერ უიმედობამ შემიპყრო, მერე ხელისუფლებამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის თვალთვალი. ჯერ ელენეს დაჰყვებოდნენ ყველგან, სადაც კი წავიდოდა, მერე დედამისის თვალთვალიც დაიწყეს და საბოლოდ დედაჩემის ფოტო გამომიგზავნეს თუ როგორ მიდის სამსახურში, შემდეგ მე დამხვდა ორი ჩაბურული შკოდა და იარაღის დამიზნებით გამაცილეს უბნიდან.
კიდევ ბევრი რამ, თუმცა მოკლედ რომ ვთქვა, დიდი ზეწოლა და სტრესი გამომატარეს პატიმრობის მერე. საბოლოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემს მეუღლესთან ერთად აქ მაინც შევძლო მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრება, სადაც არ მექნება იმის შიში, რომ სადმე მომკლავენ ან დამიჭერენ.
იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი, თუმცა ამჯერად ამ ბრძოლაში მე ვეღარ ვიქნები ჩემი მეგობრების, ახლობლების გვერდით და ვერ დავტკბები სცენით, სადაც ყველა ერთმანეთს ეხუტება და ამდენი წიწაკის და გაზის ცრემლების მერე სიხარულის ცრემლებს ვერ ვნახავ, ვერ ვნახავ დედაჩემს, რომელიც მეტყვის აწი მაინც ხო დაეტევი სახლში და მეისვენებ. ბოდიში რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ, იმედია, გამიგებთ.”