აქცია კახეთში – მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელი საძოვრის გარეშე დარჩა

გასხვისებული საძოვრის უკან დაბრუნების მოთხოვნით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც ახალმა მფლობელმა მიწის დამუშავება დაიწყო. ლაპარაკია 50 ჰექტრამდე ფართობის საძოვარზე, რომელიც იჯარით იყო გაცემული და მისი ერთი ნაწილი ადგილობრივების თქმით, ფარულად გასხვისდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიწის დაკარგვის შემთხვევაში, შემოსავლის გარეშე დარჩებიან, რადგან საქონლისთვის საძოვარი აღარ ექნებათ.
ზინობიანელებმა რამდენიმე წლის წინ სასამართლო დავაც დაიწყეს და ამ დრომდე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს შეხვდა ყვარლის მერი. როსტომ სესიაშვილის თქმით, მიწა აუქციონის წესით ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და დაინტერესების შემთხვევაში, მოსახლეობას შესაბამის დოკუმენტებს გააცნობს. მოსახლეობა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრება.