აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია -„თავისუფლება მიშას“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიკოსებმა და მოქალაქეებმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით მისი ოჯახი ექსპერტულ დასკვნებზე საუბრობს, რომლისაც მას სჯერა. როგორც მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება ცოტა ხანში შესაბამის ექსპერტულ დასკვნებს იხილავს და დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი.
მისი თქმით, არსებობს ექსპერტული დასკვნები, სადაც ნათლად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
„ამას თვალი უნდა გაუსწოროს ბიძინა ივანიშვილმა მიუხედავად იმისა, რომ მას არაფრად მიაჩნია მიხეილ სააკაშვილის არც პატიმრობა და არც მისი სიცოცხლე. მან უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ დასკვნების კასკადს ზურგს შეაქცევს და უგულებელყოფს ბიძინა ივანიშვილი, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება“,-განაცხადა მელიამ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს ზეპარტიული საკითხია და შეკრება პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. მათი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ გადაყვანა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილმა ექიმებმა სამედიცინო ხალათები დატოვეს.
ექიმ ლევან ფერაძის თქმით, ხელისუფლება თუ თვლის, რომ მათ უკეთ შეუძლიათ დიაგნოზის დასმა, ხალათები ჩაიცვან.
„თუკი თვლის ხელისუფლება, რომ ჩვენზე კარგად შეუძლია დიაგნოზების დასმა, მკურნალობის დანიშვნა და იმის განსაზღვრა გადასაყვანი არის თუ არა ჩაიცვან ხალათები და იექიმონ”, – განაცხადა ლევან ფერაძემ.
ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებები დაცულია, თუმცა ყველას აქვს შესაძლებლობა, აქცია გამართოს.
ამასთან, გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის შეხედულებებს ბევრი ადამიანი შეეწირა, მათ შორის სულხან მოლაშვილი. გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის საავადმყოფოს პალატაში, სადაც სულხან მოლაშვილისთვის ადგილი ვერ მოიძებნა.
ამავდროულად, გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა და სამართლიანად იხდის სასჯელს.
„აქციების უფლება ყველას აქვს, თქვენც, მათაც, მეც, სხვასაც. აქციები სავარაუდოდ, გაგრძელდება, მათი უფლებაა, ჩაატარონ აქციები და გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება. ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული. სხვათა შორის, გუშინ იყო სულხან მოლაშვილის დაბადების დღე. მე მას კარგად ვიცნობდი, ვმეგობრობდი, დღეს ის ცოცხალი არ არის, ის სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლეს. არაადამიანებმა აწამეს თავის დროზე. სულხან მოლაშვილი გადააქციეს პოლიტიკურ პატიმრად, გაუნადგურეს ოჯახი, დევნიდნენ მის ძმას, მეუღლეს, შვილს, მამას, მოსპეს ეს ადამიანი. სავარაუდოდ, ისიც ნატრობდა ორთაჭალის ამ კაზიმატებში ექიმის დახმარებას ან სულ მცირე საავადმყოფოში გადაყვანას, არც ერთი მიიღო და არც მეორე. უშუალოდ სააკაშვილის ხელიდან არის ეს კაცი დაღუპული. ათობით და ასობით ადამიანი შეეწირა მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებს, მისი ცხოვრების წესს, შეხედულებებს ქვეყნის მართვაზე. სულხანსაც, სხვებსაც სჭირდებოდათ დახმარება, მათ ეს დახმარება ვერ მიიღეს. ახლა შეადარეთ, მიხეილ სააკაშვილს როგორ უვლის დღევანდელი პენიტენციური სისტემა, შეადარეთ, სად იხდის ის სასჯელს – საავადმყოფოს პალატაში, სადაც სულხანისთვის ადგილი ვერ მოიძებნა.
თითქმის ერთი წლის უკან, ჯერ კიდევ, როდესაც პატიმარი სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა, გაავრცელეს საოცარი ჭორი და სიცრუე, თითქოს ხელისუფლებას ჰყავდა მიყვანილი ციხის საავადმყოფოსთან მანქანა, რომელიც აფრქვევდა გამოსხივებას. მახსოვს, ბატონი გვარამია დილიდან საღამომდე ქადაგებდა, მინი ჩერნობილი მოუწყვეს სააკაშვილს და ასევე გორის მოსახლეობასო. იყო უაზრო ფოტოსურათები გავრცელებული ამ მანქანისა, ამაზე ადამიანს მართლა შეიძლება, გაეღიმოს, რადგან რაღაც საზღვარი აქვს სიგიჟეებსაც. როგორც ჩანს, ამით არ დამთავრდა ეს ყველაფერი, როგორც ამბობენ, ახლა მოიწამლაო, მანამდე ტუბერკულოზი სჭირსო, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს, ქალბატონი ალასანიას გამონათქვამს ვეყრდნობი და ა.შ. უამრავი ავადმყოფობა, რომელიც მანამდე შეეყარა, თუ შეეყარა საპატიმროში და შემდეგ ეს უფრო გაუღვივდა და გაურთულდა. წელზე მეტია, ეს ადამიანი საპატიმროში სასჯელს იხდის და ფაქტობრივად, ყოველ დღე ახალი დიაგნოზი გვესმის, ჩამოდიან ახალი ექიმები, იქმნება ახალი კომისიები. ჩემთვის ნათელია ერთი რამ – ოჯახიც, ადვოკატებიც, მხარდამჭრებიც უცხოელი გულშემატკივრების დახმარებით ყველაფერს ცდილობენ, რომ როგორმე ეს ადამიანი ციხიდან დაიხსნან. მიხეილ სააკაშვილი ციხეში ვერ და არ მოხვდებოდა, უმძიმესი დანაშაულები რომ არ ჩაედინა. ის კანონიერად, სამართლიანად იხდის სასჯელს და გააგრძელებს კიდეც“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის კვლევის ნიმუშები პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების სახიფათო რაოდენობის არსებობას ადასტურებდა და, რომ ეს ნიმუშები გადაგზავნილია ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.”ჩვენ ველით ტოქსიკოლოგის განმარტებებსაც….კი, ბატონი არის ეს მეტალები. ორ დღეში ველოდებით განმარტებებს, რა გამოიწვია იმ ვერცხლის წყალმა: ის, რომ მას 40 კილო აქვს დაკლებული ამ დროის განმავლობაში, ის რომ ვეღარ დგება და ვერ დადის, ის რომ საკვებს ვერ იღებს? ბევრი მიზეზია, სისუსტე აქვს საშინელი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, ბევრი ექიმი მონაწილეობდა ამ დასკვნის შედგენაში, რომლის მიღებასაც ველოდებით. ბევრი დიაგნოზია დასმული, საკმაოდ ვრცელი სიაა, მაგრამ ჩვენ ველოდებით ერთ დასკვნას აშშ-დან, რომელსაც რამდენიმე დღეში მივიღებთ“.
გიული ალასანიამ ასევე გააკეთა კომენტარი პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელეულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.
„ველდებით ყველა დასკვნის მიღებას, ყველაფრის ერთად თავის მოყრას და ამის შემდეგ გადავცემთ მას სასამართლოს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკვე მიღებულ სამედიცინო დოკუმენტში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არსებულ მძიმე მეტალებზე,
ხაჭაპურიძის თქმით, ახალმა კვლევამ უნდა დაადგინოს, უკავშირდება თუ არა აღნიშნული იმ სიმპტომებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება.
საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი ადამიანების თქმით, აქციის ერთადერთი მიზანი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა
“მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს”…”თავისუფლება მიშას” – ამ შინაარსის ტრანსპარანტები ეკავათ კანცელარაიასთან შეკრებილებს.
“არ დავუშვათ, რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ” – დაწერა ფეისბუკზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა.
აქციის მონაწილეოთა შორის იყო ვატო სურგულაძე, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი, რომლის თქმითაც, ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხები, რომლებიც ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, შესაბამის ინტერპრეტაციას საჭიროებს.
„არაფერი არ არის გამორიცხული, ვინაიდან სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს, აბოსლუტურად შეესაბამება იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო ეს ნივთიერებები ორგანიზმში? ეს უკვე გამოძიების საკითხია“, -განაცხადა ვატო სურგულაძემ.
12 მაისიდან იმყოფება კლინაკა ვივამედში.
ადამიანის გადარჩენა, მიხეილ სააკაშვილის გარადარჩენა – ამან უნდა გაგვაერთიანოს
მიხეილ სააკაშვილის კვლევის ნიმუშები ნიუ-იორკში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაშია გადაგზავნილი. კვლევით უნდა დადგინდეს, როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები. ცნობილია, რომ ლაბორატორიული ტესტები 2 დღეში უნდა გასაჯაროვდეს, შემდგომ კი ის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს გადაეგზავნებათ.
არ შეიძლება პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ უნდა მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას არ და ვერ უზრუნველყოფს.
„პუტინთან მეომარ მთავარსარდალს კლავენ წამებით და ამაზე საუბრობს ევროპული რეზოლუციები. მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მკურნალობა მესამე ქვეყანაში. აქ ვერ და არ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის მკურნალობას და ამაზე მეტყველებს ის დასკვნები, რომელიც გზადაგზა წამოგვეწევა ხოლმე საზოგადოებაში. პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. არ შეიძლება პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ უნდა მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა ხაბეიშვილმ
მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია.