მნიშვნელოვანისიახლეები

აქცია პარლამენტთან გრძელდება-აქციის მონაწილეები რუსულ კანონს აპროტესტებენ

რუსთველის გამზირი – ადგილი, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო საზოგადოება, ქართული მედია და პოლიტიკური ოპოზიცია “ქართული ოცნების” მორიგ პრორუსულ ნაბიჯს – რუსულ კანონს აპროტესტებენ. საქართველოს პარლამენტი კვლავ პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრია. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის დერეფნებში რამდენიმე საათის განმავლობაში ხმამაღალი შეძახილებით, და ფაქტობრივად ფიზიკური დაპირისპირებითაც კი მოითხოვდნენ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრებას. სწორედ ამ სხდომაზე დაიწყო მმართველმა პარტიამ რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა და მისი მიღების მცდელობა.

პარლამენტის დერეფნებში დაწყებული პროტესტმა, რომელიც შემდეგ კომიტეტების სხდომაზე გაგრძელდა, საბოლოოდ ქუჩაში გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები შეკრებილი არიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე და იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. მოქალაქეების რაოდენობა რუსთაველზე სულ უფრო იზრდება და პარალელურად გრძელდება განხილვა საკომიტეტო სხდომაზე, რომელიც ამ დრომდე საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს.

პუტინისტები აკავებენ, მშვიდობიან მანიფესტანტებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან განაცხადა.

მან პოლიციელებს, რომლებმაც აქციის მონაწილეები დააკავეს „პუტინისტებო“ მიმართა.

„პუტინისტები აკავებენ, მშვიდობიან მანიფესტანტებს. პუტინის კანონს იღებთ, არ გრცხვენიათ? ეს არის მკვეთრად გამოხატული რუსული რეჟიმი. ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრული დასაწყისი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პარლამენტში განვითრებულ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

საქართველოს პარლამენტში ძალიან მძიმე ფორმით განვითარებული მოვლენები იწვევს პოლარიზაციის გამწვავებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილ ნორმას – ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.

ყოვლად მიუღებელია ის ქმედებები, რაც განხორციელდა კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაზე, როდესაც პარლამენტის წევრებს არ მიეცათ განხილვაზე დასწრების, საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. გაურკვეველი ძალების მიერ მოხდა ზეწოლა დეპუტატებზე და მათი იძულებით გამოყვანა დარბაზიდან. ასევე კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტთან პროტესტის და საკუთარი ნების გამოსახატად მისული ადამიანების დაკავება.

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ შეაჩეროს ამ კანონპროექტის განხილვა და გაითვალისწინოს ევროკავშირის, ჩვენი პარტნიორების მოწოდება, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლება მიიღებს ძალიან მკაცრ რეაქციას საზოგადოების მხრიდან, რაც ცუდ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას. დღეს მიდის რადიკალური პოლარიზაციის პროცესი, რაც პირველ რიგში აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს უნდა გააცნობიეროს „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც პასუხისმგებელია მთელ ამ პროცესზე – აცხადებს პაატა დავითაია.

განცხადებას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება რუსული კანონპროექტის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, სწორედ დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია. სოციალური მუშაობის ჩამოყალიბებით კი გახდა შესაძლებელი უმნიშვნელოვანესი პროცესების წარმართვა, როგორიცაა დიდი ზომის ბავშვთა სახლების დაშლა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრაცია და/ან ოჯახთან მიახლოებულ ზრუნვაში განთავსება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა, ოჯახში ძალადობის პრევენციასა თუ გადარჩენილთა რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვა-განხორცილეება და სხვა.

განუზომლად დიდია იმ სასიკეთო ცვლილებების ჩამონათვალი, რაც ჩვენს ქვეყანაში სოციალური მუშაობის დანერგვასა და განვითარებას უკავშირდება. და რაც მთავარია ჩვენი მუშაობის ამოსავალი არა მხოლოდ ადამიანების ფიზიკური საფრთხეებისგან გადარჩენა, არამედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციაა.

ჩვენი წევრები, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორში უმეტესწილად დასავლური დონორების მხარდაჭერილ მომსახურებებს სთავაზობენ ბენეფიციარებს, ისინი ყოველდღე იბრძვიან მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, სთავაზობენ ხარისხიან, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მომსახურებებს. ხშირად სწორედ იმას, რითაც სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ ეხმარება საჭიროების მქონე მოქალაქეს.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენი გაწეული შრომის რაიმე ფორმით მადისკრედიტირებელ, მასტიგმატიზებელ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით კი ისეთს, რომელიც ჩვენი საქმიანობას – ადამიანთა დახმარებასა და გაძლიერებას საფრთხეს შეუქმნის”.

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე რუსული კანონს განიხილავენ.

როგორც უკვე ცნობილია, საპარლამენტო სესიაზე პირველი მოსმენით კანონპროექტს მიიღებენ, რის შემდეგაც მას ვენეციის კომისიაში გააგზავნიან. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს კანონი საქართველოს დააშორებს ევროპას და ხელს შეუშლის სტატუსის მიღებას.

დღეს განხილვების დაწყებამდე შეიცვალა სხდომათა დარბაზიც. ოპოზიციონერი დეპუტატები რამდენიმე საათის განმავლობაში ოცნებას სხდომის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ. მათი ნაწილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სხდომა დაიწყო.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს “ხალხის ძალას” უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში “უცხოური გავლენის აგენტებს” გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. “უცხოური გავლენის აგენტებად” დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და “გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს”.

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული “საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის”.

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა – მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button