აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
"ხმა ამოიღეთ!" "SOS ქართველი სამხედრო ტყვეობაშია" "რუსეთი კლავს, საგარეო - დუმს", "აღდგეს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან"
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
“ხმა ამოიღეთ!” “SOS ქართველი სამხედრო ტყვეობაშია” “რუსეთი კლავს, საგარეო – დუმს”, “აღდგეს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან” – ამ მოწოდებებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა “სირცხვილია” აქციას მართავს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დაკავებული ყოფილი სამხედრო გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს თავის ოჯახს.
,, სამწუხაროდ, ყოველდღიურ რუტინად გვექცა ადამიანების გატაცება საოკუპაციო ხაზიდან. არაერთი აქცია გაგვიმართავს ზუსტად ამ ადგილთან იმავე მოთხოვნით. სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით. რუსებს ტყვედ ჰყავთ ყოფილი სამხედრო, რომელსაც 2008 წელსაც უომია და სამშვიდობო მისიებშიც მიუღია მონაწილეობა. როგორც მინიმუმ ოჯახს უნდა გააგებინონ როგორია დაკავებულის მდგომარეობა და ჩააყენონ საქმის კურსში ყველა საერთაშორისი მისია, ან ორგანიზაცია, რომელიც ადგილზე მუშაობს”, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.
ქართველი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიტაცეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.