აქციაზე დაკავებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან
პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს და დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადეს. ოლიგარქის პოლიცია დიღმის სამმართველოს შენობაში მას სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა.
საბა სხვიტარიძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
14 იანვარს, ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.
საბა სხვიტარიძის ადვოკატმა მოსამართლეს საქმეზე თანდართული ვიდეომტკიცებულება აჩვენა, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი მირიან ქავთარაძე ხელს თეონა ჭალიძეს. სწორედ ამ შემთხვევას მოჰყვა სხვიტარიძის დაკავება, რომელმაც ჭალიძის დახმარება სცადა.
სავიტარიძის თქმით, პოლიციელი ამ დროს ნიღბით, ყოველგვრი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გარეშე იყო.
ამ მტკიცებულების შეფასებაზე მოსამართლემ უარი თქვა რეპლიკით – “შეფასებებს ჩვენ, ვინ ვის ურტყამს, რას ურტყამს [ვერ მივცემთ]” ამ განცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ადვოკატი მოსამართლისგან დაინტერესდა, როგორ აპირებდა ადამიანის დაპატიმრებას, თუ საქმეზე თანდართულ მტკიცებულებას ვერ შეაფასებდა?
“როდესაც თეთრით შავზე წარმოგიდგინეთ ვიდეო მირიან ქავთარაძე როგორ ურტყამს თეონა ჭალიძეს და არც უყურებდით ჩემს კომპიუტერს, არ გინდოდათ შეხედვა, იცით რატომ? თქვენ რომ გეთქვათ საოქმოდ, რომ კი, ურტყამს, მაშინ ბრალდების მხარე იქნებოდა არასწორი” – მიმართა სხვიტარიძის ადვოკატმა მოსამართლეს.
მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა საბა სხვიტარიძემ განაცხადა.
მან დეტალურად ისაუბრა მისი საქმის გარშემო.
„ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. პატარა იმედი მაქვს, რომ სასამართლო პატარა ლოიალობას გამოიჩენს. დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ე.წ. ტიტუშკა, რომელსაც არანაირი ამომცნობი საშუალება არ ეკეთა, „კაპიუშონი“ ეცვა, პირბადე ეკეთა, მან იძალადა ქალზე, გვაგინებდა, მე ის მოვიგერიე. ამის შემდეგ გამიტაცეს, იძალადეს ჩემზე და განყოფილებაში ორჯერ მაწამეს, ამის შემდეგ მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს. პოლიციელზე ძალადობა დამაბრალეს, რაც აბსურდია. თუ ვინმეა დამნაშავე, ის „ტიტუშკა“ მირიან ქავთარაძეა, ამ საქმეში დაზარალებულადაც მცნეს და არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული.
ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, თქვენთან მყოფი ქალისთვის სახეში დაერტყათ, თავს დახრიდით და არაფერს მოიმოქმედებდით, გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას? სამწუხაროდ, ესაა თქვენი სამართალი.
მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს.
სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს, ირანსა და ჩინეთში მიგვაქანებთ.
ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის, არ ვიცი, რას გიხდიან, ან რით გაშინებენ, მაგრამ მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თითოეული თქვენი ქმედების გამო. დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე არ დაიჩოქებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს“, – განაცხადა სხვიტარიძემ.
შეგახსენებთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. სხდომას ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრებოდა.
ოლიგარქის სასამართლომ, 22 წლის თედო აბრამოვი პატიმრობაში დატოვა.
ახალგაზრდა 2024 წლის 7 დეკემბერს ოლიგარქის პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა – ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.
“ოცნების” რეჟიმის პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას აბრამოვს ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი – გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა. ანრი კაკაბაძის შემთხვევაში მოსამართლემ გაითვალისწინა, ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ იგი წარსულში ნასამართლევია.
„ემოციურად დატვირთული ვარ, ჩემი სტუდენტი საპატიმროშია. სამართლის სპეციალისტი არ ვარ, ამ ყველაფერს მორალური კატეგორიიდან ვუყურებ. ანრი კაკაბაძეს დიდი მომავალი აქვს, მისგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. მათი ინიციატივით მომზადდა წერილი, ძალიან კარგია, რომ მათი მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯი, (მოდავე მხარე)“, – აცხადებს მამუკა ჯორბენაძე გათავისუფლების შემდეგ.
ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. გათავისუფლებულებს სასამართლოს შენობასთან სტუდენტები დახვდნენ, რომლებიც დაკავებულებს გულშემატკივრობდნენ.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ კონფლიქტამდე რამდენიმე დღით ადრე, უნივერსიტეტის შენობაში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ლექტორ თეა ცაგურიასთან, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში საპროტესტო პლაკატების გაკვრას უშლიდა.
ჯორბენაძეს დაკავებამდე ცაგურიას ქმარი, ირაკლი დევაძე დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა.
კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ დეკანი და მისი სტუდენტები მოგვიანებით რექტორის მეუღლეს და მის მეგობარს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ. მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
დაკავებული ჟურნალისტი:
მზია ამაღლობელი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები:
ვეფხია კასრაძე
ვალერი კაძელაშვილი
ზვიად ცეცხლაძე
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები:
ნიკოლოზ ჯავახიშვილი
თორნიკე გოშაძე
ირაკლი მიმინოშვილი
ზვიად ცეცხლაძე
გიორგი გორგაძე
ინსაფ ალიევი
ანდრო ჭიჭინაძე
ონისე ცხადაძე
გურამ მირცხულავა
ლუკა ჯაბუა
ჯანო არჩაია
რუსლან სივაკოვი
რევაზ კიკნაძე
გიორგი ტერაშვილი
ვალერი თეთრაშვილი
სერგეი კუხარჩუკი
ირაკლი ქერაშვილი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები:
ანზორ (ანრი) კვარაცხელია
გიორგი მინდაძე
დავით ლომიძე
თემურ ზასოხაშვილი
საბა ჯიქია
საბა სხვიტარიძე
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები:
გურამ ხუტაშვილი
დანიელ მუმლაძე
არჩილ მუსელიანცი
ლაშა ჩხაიძე
მ.გ. (არასრულწლოვანი)
აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულები:
დავით ხომერიკი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები:
გიორგი ახობაძე
ნიკოლოზ კაცია
ანტონ ჩეჩინი
თედო აბრამოვი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმში დაჭერილი დეკანი და სტუდენტები;
მამუკა ჯორბენაძე
გურამ მიქელაძე
დავით გვიანიძე
გიორგი დავითაძე
ანრი კაკაბაძე
პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის საქმე:
ალეკო ელისაშვილი (ის გირაოთი გაათავისუფლეს)
არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები:
მათე დევიძე
ანატოლი გიგაური