აქციების ფონზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩია
ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა. არჩევნები ერთპარტიულ არჩევნებში დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდა. ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
კენჭისყრაში მონაწილეობა კოლეგიის 225-მა წევრმა მიიღო. ყაველაშვილს 224-მა ხმოსამა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი. ადა მარშანიამ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა. ოქმს ხელი ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მოაწერა.
დილიდან, საარჩევნო უბანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო მოწყობილი. პროცესს ცესკო მართავდა.
პრეზიდენტის არჩევაში ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, საპრეზიდენტო არჩევნებს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ აპროტესტებენ.
პრეზიდენტის ასარჩევად, მინიმუმ, 200 ხმა იყო საჭირო, “ქართულ ოცნებას” კი 200-ზე მეტი დელეგატი ჰყავს.
არჩევნების პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას აპროტესტებდნენ.
ახალ პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად ქართული ოცნებისგან იყო დაკომპლექტებული.
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გამო წევრების დიდი ნაწილი საკანონმდებლო დარბაზში არ გამოცხადდა.
300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
საპარლამენტო ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ასევე, არ იქნებიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები ოპოზიციიდან.
რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, იქიდან გამომდინარე რომ ოპოზიცია აქაც ბოიკოტშია, ცესკომ და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ სახელისუფლებო პარტიას მათი კვოტებიც აეთვისებინა.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა, 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა.
ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი, პირველად, არაპირდაპირი წესით აირჩია.
საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.