83 მომხრე, 23 წინააღმდეგი – პარლამენტმა “უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვის დასმისას დეპუტატებს ხშირად უთიშავდა მიკროფონს

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 23 დეპუტატი-რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 106-მა წევრმა.
ქართულმა ოცნებამ კენჭისყრა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტის ფონზე ჩაატარა.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან 4 დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვის დასმისას დეპუტატებს ხშირად უთიშავდა მიკროფონს და კონკრეტული მუხლის შესახებ ლაპარაკისკენ მოუწოდებდა. მან ერთ-ერთ მუხლზე მსჯელობისას დეპუტატებს დაზუსტების საშუალებაც არ მისცა. განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შეხლა-შემოხლაც იყო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კანონპროექტის მომხსენებელს შესთავაზა, რომ „უცხო ძალის“ ნაცვლად, ჩაიწეროს რუსეთი და მას ყველა დაუჭერს მხარს.
პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ გააპროტესტა კანონპროექტის ამოქმედების ვადები, რომლის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციის ვალდებულება ორგანიზაციებს ექნებათ 2023 წლის შემოსავლების მიხედვით. „გარდამავალი დებულება ითვალისწინებს, რომ კანონს მიეცეს უკუძალა… კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რომ არ შევიდეთ, ის არ უნდა შეეხოს შარშანდელ და შარშანწინდელ დაფინანსებას“, – თქვა შავგულიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრის სანდრო რაქვიაშვილის თქმით, საუკეთესო გამოსავალია, რომ კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან და არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტოს მისი ბედი.
მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა ოპონენტების არცერთი შეთავაზება არ გაითვალისწინა.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
ამავდროულად, ერთი ხმით 36-ის წინააღმდეგ პარლამენტმა თეონა აქუბარდიას მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ წინადადებებს მხარი არ დაუჭირა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
ამასთან, პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად, საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთსა და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.
29 აპრილს, იურიდიულ კომიტეტზე განხილვისას საკითხზე მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მეორე მუხლის პირველი პუნქტის ბ, გ და დ ქვეპუნქტში სიტყვა „არაკომერციული“ ჩაემატა.
პარლამენტმა „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს.
30 აპრილის და 1 მაისის ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ასევე სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი – „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა.
აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე – მათგან ექვსი პოლიციელი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონი,” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა,” ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა.”
კანონის შემობრუნებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამის მიუხედავად, “ოცნებამ” 17 აპრილს რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. გასულ ღამეს კი რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია დაარბია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა (წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი…). დააკავეს აქციის 63 მონაწილე.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური იყო, გამოყენებული ძალა გაუტოლდა წამებასა და არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას.