თურქეთის 10 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში. როგორც რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, თურქეთი აღმოჩნდა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშე.
“კატასტროფის ზონად გამოვაცხადეთ 10 პროვინცია, სადაც მიწისძვრა მოხდა. იმისათვის, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უპრობლემოდ განხორციელდეს, გადავწყვიტეთ, საგანგებო მდგომარეობა 10 პროვინციაში 3 თვით დავაწესოთ, კონსტიტუციის 119-ე მუხლის შესაბამისად”, – წერს ერდოღანი Twitter-ზე. თურქეთისა და სირიის საზღვარზე 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში სულ მცირე 4 890 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაიღუპა 3 381 ადამიანი, დაშავებულია კი 20 ათასზე მეტი. კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ორჰან ტატარის თქმით, დაზიანებულია სულ მცირე 11 ათასი შენობა. ადგილზე 25 ათასზე მაშველი მუშაობს. მისივე განცხადებით, სამაშველო ოპერაციებისთვის 10 გემსა და 54 საჰაერო ტრანსპორტს იყენებენ.
სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში კი 13 მილიონმდე ადამიანი ცხოვრობს.
7 თებერვლის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 3549 ადამიანი. დაშავდა – 22 168.
პრეზიდენტ ერდოანის განცხადებით, სტიქიური უბედურების ზონაში აუცილებელი სამუშაოებისთვის მობილიზებულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურის პერსონალი და ტექნიკა და 25 000-ზე მეტი თურქი და უცხოელი მაშველი.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე 10 პროვინციაში, მათ შორის ქალაქებში გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეული ან დაზიანებულია სულ მცირე 11 000 შენობა. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 500-ზე მეტი მოქალაქე. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონამ მოიცვა დაახლოებით 110 000 კმ² ფართობი და 13,5 მილიონ მოქალაქეს შეეხო.
თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.
მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის ტერიტორიაზე იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 1600-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 3600-ს აჭარბებს.
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 100-მდე ბიძგი მოჰყვა, სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა.
სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.
იაპონიის განცხადებით, თურქეთში სამაშველო ჯგუფს გაგზავნის. მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დახმარება 70-მა ქვეყანამ შესთავაზა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაზარალებული ადამიანების დროებით დასაბინავებლად ანტალიის ტურისტულ ჰაბში სასტუმროების გახსნა იგეგმება.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 3 549-მდე გაიზარდა.
დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი – 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.