მნიშვნელოვანისიახლეები

აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 18 მაისს „ერთობის მარში“ გაიმართა. მოქალაქეები, აქტივისტები, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახების წევრები მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტთან“ შეიკრიბნენ, საიდანაც ჯერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, იქიდან კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისკენ გადაინაცვლეს.

მსვლელობა გაიმართა სლოგანით “ჩვენ გხედავთ”.

როგორც აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, საპოლიციო ძალები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, უსაფრთხოების სამსახური არა მხოლოდ უმოქმედო, „არამედ თანამზრახველიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის სპეცოპერაციაში”. მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი ჰქობდათ პლაკატები აქციებზე დაკავებულების ფოტოებით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან მისულმა მსვლელობის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების საქმეების გამოძიება.
მსვლელობის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, მათ თან პოლიციის კორდონი მიაცილებდა.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატები, რომელზეც აქციაზე დაკავებულების ფოტოებია გამოსახული.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ისინი სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”.

მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები.
სწორედ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოვალეობაა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების და ასევე, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.

ბოლო თვეების განმავლობაში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ათეულობით საჩივარია შესული პროევროპულ აქციებზე სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით, თუმცა, არცერთი საქმე, რომელიც ამ მუხლებითაა აღძრული, ამ დრომდე გამოძიებული არ არის, არ არის გამოვლენილი არცერთი სავარაუდო ბრალდებული.

არ არის გამოძიებული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც.

172-ე დღეა, გასული წლის 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები.

პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პროევროპულ აქციებზე დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.

„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

“პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ” “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც.

მაშ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 აპრილს საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო და, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხთან ერთად, „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button