აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს რუსთაველის გამზირი

ოცნების ანტიევროპული გადაწყვეტილების პროტესტი გრძელდება – პარლამენტის წინ მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს.
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირის სრულად გადაკეტვა შეძლეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ამასთან, IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამაც რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა.
პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციებს ამ წუთებში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მართავენ, მათ შორის სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტები – ისინი საბოლოდ სწორედ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
ქართველი ემიგრანტები მარჯანიშვილის მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით აქცია-მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
როგორც მსვლელობის მონაწილე ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და სამშობლოში პროტესტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.
„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „ჩატარდეს ახალი არჩევნები“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მათ თან აქვთ სხვადასხვა ბანერები, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის სახელწოდებაა დატანილი, მათ შორის: ამერიკა, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი. ბელგია.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
პეკინის გამზირზე კიდევ ერთი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც უკვე მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ექიმები თავდაპირველად სამედიცინო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.