აქციის მონაწილეთა მოთხოვნა – ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს

თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და პარლამენტთან აქციები გამართეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერებმა.
უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს და თურქეთს არ გადასცეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ჩაბუქი მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა და ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს. ქართველმა სამართალდამცავებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის მოთხოვნით.
ანკარა ჩაბუქს ადანაშაულებს თურქეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეული ფეტულა გიულენის ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს შეუფარდა 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, განხილვის პროცესშია დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი.