“არ გამოვრიცხავ, რომ აღდგომის წირვა ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს”
საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ჰგონია, რომ სააღდგომო ლოცვა შეიძლება ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს. ამის შესახებ მან დღეს, 16 აპრილს, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით “საკმაოდ დადებითი დინამიკა” აქვს.
“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახავთ, კიდევ უფრო რამდენად მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს, ასევე ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს”, — განაცხადა ტიკარაძემ.
15 აპრილს, საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება.