მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელარუსის არმიის სპეცრაზმები ომში არ ჩაერთვებიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის შეჭრიდან მე-19 დღეს რაიმე არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.

ბელარუსმა სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის მიერ დღეს, 14 მარტს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის 4 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები. გენშტაბის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, საოკუპაციო ძალებს ყველა მიმართულებით შემტევი ოპერაციებისას რაიმე განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის არმიის სპეცრაზმელები უკრაინასთან ომში მონაწილეობას არ მიიღებენ.

12 მარტს უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა განაცხადა, რომ ლუკაშენკა ვერ ბედავს უკრაინის წინააღმდეგ ომში არმიის ჩართვას, თუმცა ეს საფრთხე შენარჩუნებულია.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა რაოდენობა 4.5 მილიონს აჭარბებს.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button