,,არ გაჭრა შანტაჟმა, არც ხალხის მიმართ, არც ხელისუფლების მიმართ, არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების მთავარი გარანტი,,-კობახიძე
,,საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს განვითარებას მყარი საფუძველი შევუქმნათ"-კალაძე

არსებითად მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველი ნიშნები გადატვირთვის მიმართულებით არჩევნების დასრულებისთანავე გამოჩნდება.
„ვიღაცებს აქვთ მცდელობა, არჩევნებზე მოახდინონ გავლენა, შეიცვალოს ხელისუფლება. როგორც კი გადაივლის ეს ყველაფერი, მაშინვე ასეთ მცდელობებიც დასრულდება. რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, ყველამ დაინახა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გაჭრა შანტაჟმა, არც ხალხის მიმართ, არც ხელისუფლების მიმართ, არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების მთავარი გარანტი. დარწმუნებული ვარ, ხვალ ქართველი ხალხი გამოვა, ქუდზე კაცი და დაფიქსირდება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მყარ და ღირსეულ განვითარებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში.
“ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს განვითარებას მყარი საფუძველი შევუქმნათ” – თბილისის მერი კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს:
“მოგესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს. მოგესალმებით უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოგესალმებით ყველა თაობის წარმომადგენლებს. მოგესალმებით ახალგაზრდებს, რომელთათვისაც გვინდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი.
ბოლო 4 წელიწადი იყო უამრავი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრძოლით მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. ყველაფერი დიდი ენერგიის და ნერვების ფასად დაგვიჯდა, თუმცა, ჩვენმა გუნდმა – „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა ღირსება და საქართველოს არა მხოლოდ საბედისწერო საფრთხე ააცილა თავიდან, არამედ ქვეყანას წინსვლაც მოუტანა.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში ხელისუფლების როლი გადამწყვეტია. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვერაფრით შევძლებდით, რომ არა თქვენი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა. გასული 30 წლის მანძილზე, ქართველმა ხალხმა უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე შეიძინა. ამ 4 წლის განმავლობაში, ყველა რთულ მომენტში, ჩვენ გვერდით იდექით თქვენ და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ყველა სირთულე დაგვეძლია და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაგვეცვა.
დაწყებული საქმის გაგრძელებას მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება ჭირდება. დარწმუნებული ვარ, ხვალ, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ ზუსტად ისევე დავდგებით ერთად, როგორც გასული 4 წლის განმავლობაში ვიბრძოდით ერთად ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და კეთილდღეობისთვის.
არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. ერთ მხარეს არის მონური მორჩილება, სიძულვილი და უსამშობლობა, ხოლო მეორე მხარეს მშვიდობა, თავისუფლება, სიყვარული და პატრიოტიზმი. ჩვენ სწორედ ერთმანეთის და ჩვენი სამშობლოს სიყვარულით უნდა ავაშენოთ თავისუფალი და ერთიანი საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.
ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს განვითარებას მყარი საფუძველი შევუქმნათ,”- აცხადებს კახა კალაძე.